საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. მთავრობის კანცელარიასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ითხოვდნენ პასუხს, თუ როგორ მოხვდა ჟურნალისტი აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ხელში და მონაწილეობდნენ თუ არა მისი ქვეყნიდან გაყვანის პროცესში ქართული სპეცსამსახურები.
„ეს არის წარმოუდგენელი რამე, თუ ამაში ჩვენიანი ვინმე არის ჩარეული, მომენტალურად უნდა წავიდეს არა სახლში, არამედ ციხეში. ასეთი რამე მიუღებელია ჩვენთვის. თუ ვინმეს ჰგონია ეს მარტივად ჩაივლის... თავზე ხომ ლაფი დაგვასხეს, კანონები ხომ დაგვახიეს, სტუმართმასპინძლობის წესები, ბოლოს და ბოლოს, კავკასიაა“, - განაცხადა “ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისის” ხელმძღვანელმა ლაშა ტუღუშმა.
აქციაზე იმყოფებოდა აფგან მუხთარლის მეუღლეც.
"ის რის გატაცებული თბილისიდან და საზღვარი არალეგალურად გადააკვეთინეს. საქართველოს ხელისუფლებას ეს არ უნდა დაეშვა, ჩვენ საქართველოში დევნის გამო გადმოვედით და ხელისუფლებას ის უნდა დაეცვა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ობიექტურ გამოძიებას ვითხოვთ“, - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.
აზერბაიჯანული სათვისტომოს წარმომადგენლები, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ, ამბობენ, რომ მათაც უთვალთვალებენ. ისინი აფგან მუხთარლის მდგომარეობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მას 2 ნეკნი და თავი აქვს გატეხილი და აღენიშნება სილურჯეები.