საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. ტელეკომპანია “იბერიას” ჟურნალისტმა თამარ ურუშაძემ ემიგრანტთა მძიმე ყოფის შესახებ “რეაქციაში” ისაუბრა.
ურუშაძეს საბერძნეთში მცხოვრებ ემიგრანტებზე დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული.
“200 000-ზე მეტი ქართველია წასული საბერძნეთში. ჩემი ორი ემიგრანტი რესპონდენტი თავად იყო 80 წლის და ისინი უვლიდნენ ბერძენ მოხუცებს. ერთ-ერთი ქალბატონი ყვებოდა, რომ ოჯახში სადაც ის მუშაობდა, ძალიან ცოტას აჭმევდნენ და როდესაც დიასახლისს ძაღლის საკვები მოჰქონდა, ამ საკვებს იპარავდა და ჩუმად ჭამდა. იგი ამბობდა, რომ ხანდახან ტუალეტშიც კი უწევთ დამალვა, რომ საკვები ჩუმად მიიღონ. ემიგრანტები ასევე ყვებიან, თუ როგორ იმგზავრეს საბერძნეთამდე. მათ უწევდათ ავტობუსში მოწყობილ სამალავში, რომელიც დაახლოებით 2 კვ. მ-ია, მოთავსება და 10-12 საათი ასე მგზავრობა. ნავებითაც გადადიოდნენ ზღვაში, საიდანაც ხალხი ვარდებოდა და არაერთი ადამიანი გარდაიცვალა. ყველა ემიგრანტი, ვინც კი ჩავწერე, აბსოლუტურად ყველა გამოთქვამს სამშობლოში დაბრუნების სურვილს”, – აღნიშნა თამარ ურუშაძემ პირდაპირ ეთერში.