სამართალი
ირაკლი შოთაძე: აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე შსს-ში გამოძიება დაწყებულია

   საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

"მე ვერ გეტყვით, როგორ დატოვა მან ქვეყანა, შემიძლია გითხრათ, რომ შსს-ში გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, თუმცა ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ჩემთვის არანაირი კონსულტაციის და მოლაპარაკების შესახებ ცნობილი არ არის“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 30 მაისს გაუჩინარდა. დღის ბოლოს კი გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება და სამართალდამცველებს ჰყავთ დაკავებული.

ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია:

„აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით

საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია“.