პედაგოგებს კვლავ ამცირებენ
ახალი სასწავლო სემესტრი საჯარო სკოლებში პედაგოგების შემცირებით დაიწყო. ამჯერად ამის მიზეზი დაფინანსების სისტემის შეცვლა გახდა. სკოლის დირექტორების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტი არსებული საშტატო ერთეულების შენარჩუნების საშუალებას არ აძლევთ. პედაგოგების შემცირებას თავისთავად მოჰყვა კლასების გაერთიანება, რაც მშობლების უკმაყოფილებას იწვევს.
დაფინანსების ახალ წესს, რომელიც 2011 წლიდან ამოქმედდა, სპეციალური ფორმულით განსაზღვრავენ, რომელსაც სკოლაში მოსწავლეების რაოდენობის, სკოლის მდებარეობისა და „სკოლის საჭიროებების" მიხედვით ითვლიან. მანამდე კი, სკოლები მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით ფინანსდებოდნენ, რამაც, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის – დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ვერ გაამართლა და სკოლებს გარკვეული პრობლემებიც კი შეუქმნა. სწორედ ამიტომ დღის წესრიგში დადგა სკოლების დაფინანსების სრულიად ახალი ფორმულის შექმნის საკითხი.