პოლიტიკა
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვიყოთ ყველგან, სადაც ცივილიზებული მსოფლიო ჩათვლის, რომ აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება!“ - პრემიერი კვირიკაშვილი

   საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. ადაპტაცია მომავლისთვის - ამ ლოზუნგით ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების კონფერენცია (GLOBSEC) გაიხსნა. საერთაშორისო ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობდა. იგი სიტყვით გამოვიდა უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაზე აღმოსავლეთ სამეზობლო 2017”.

გიორგი კვირიკაშვილმა კითხვაზე -  როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები? - განაცხადა, რომ საქართველო ემზადება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელიც შემოდგომაზე ბრიუსელში გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე სტაბილური პოლიტიკური მოკავშირეების შეძენას სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ამდენად, აუცილებელია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დაისახოს კონკრეტული პოლიტიკური მიზნები.
დღეს საქართველო არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელია, არამედ მისი მიმწოდებელიც. ჩვენ ვმონაწილეობთ ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ასევე კრიზისების მართვის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვიყოთ ყველგან, სადაც ცივილიზებული მსოფლიო ჩათვლის, რომ აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება ამა თუ იმ რეგიონსა თუ ქვეყანაში.

ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა უკრაინის წარმატება ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წარმატება ერთმანეთისგან განუყოფელი და მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ამ გზაზე თანმიმდევრულად და სტაბილურად სვლის მხრივ”, - აღნიშნა პრემიერმა.