პოლიტიკა
„ევროპამ კარი გაუღო საქართველოს მოქალაქეებს. ეს წარმატება იოლი მისაღწევი როდი იყო, მას ახლდა მნიშვნელოვანი გამოწვევები, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ჩათვლით“ - პრემიერი კვირიკაშვილი

   საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. ადაპტაცია მომავლისთვის - ამ ლოზუნგით ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების კონფერენცია (GLOBSEC) გაიხსნა. საერთაშორისო ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობდა. იგი სიტყვით გამოვიდა უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაზე აღმოსავლეთ სამეზობლო 2017”.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ქვეყნის გეოპოლიტიკური როლი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები - ეს ის მთავარი თემებია, რომლებზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა.
საქართველომ ისტორიული მნიშვნელობის წარმატებას მიაღწია - ვიზების ლიბერალიზაცია არის მიღწევა, რომელსაც მოაქვს ხელშესახები შედეგები საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის. ჩვენ განვახორციელეთ რეფორმები, ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ჩათვლით) და წამოვიწყეთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონმდებლობის ძირეული გარდაქმნის პროცესი, რათა დავუახლოვდეთ ევროპულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სტანდარტებს.

შედეგად ჩვენ მივაღწიეთ ვიზების ლიბერალიზაციას. ეს ნიშნავს არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეთათვის, ამას აქვს უფრო ღრმა პოლიტიკური დატვირთვა, რადგანაც ევროპამ კარი გაუღო საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის პოლიტიკური ხასიათის ნაბიჯი ევროპის მხრიდან, რომლითაც დაფასდა საქართველოს ძალისხმევა. ეს წარმატება იოლი მისაღწევი როდი იყო, მას ახლდა მნიშვნელოვანი გამოწვევები, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ჩათვლით. ასე რომ, ეს მართლაც დიდი მიღწევაა”, - განაცხადა პრემიერმა.