პოლიტიკა
დავივიწყოთ ეს „პოსტ“ წინსართი! საქართველო ყველა გაგებით არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, სადაც სტაბილურობას ძირს უთხრის რუსეთის მხრიდან ინტერვენცია! -კვირიკაშვილმა ნიკონოვს „გაგებით“ უპასუხა

   საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. ადაპტაცია მომავლისთვის - ამ ლოზუნგით ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების კონფერენცია (GLOBSEC) გაიხსნა. საერთაშორისო ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობდა. იგი სიტყვით გამოვიდა უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაზე აღმოსავლეთ სამეზობლო 2017”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ფედერაციის დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარის ვიაჩესლავ ნიკონოვის რეპლიკას უპასუხა. ნიკონოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ არის წინააღმდეგი, საქართველო და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდნენ, თუმცა წინააღმდეგია საქართველო-უკრაინის ნატოში ინტეგრაციის.

საქართველო აღარ არისპოსტ“-ქვეყანა. დროა, დავივიწყოთ ესპოსტწინსართი! ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ყველა გაგებით შეიძლება ვუწოდოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა.

საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებელი და ამ მხრივ ბევრ ევროპულ სახელმწიფოსაც ვუსწრებთ. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემო. მსოფლიო ბანკის რეიტინგის თანახმად, ამ მხრივ ჩვენ მე-16 ადგილზე ვართ მსოფლიოში. Heritage Foundation-ის თანახმად, ჩვენი ეკონომიკა მე-13 ადგილზეა მსოფლიოში თავისუფლების თვალსაზრისით. ჩვენი მაჩვენებლები ყოველწლიურად უმჯობესდება. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტები, ხოლო კანონის უზენაესობა ყოველწლიურად ძლიერდება. ჩვენ ზედმიწევნით მივყვებით ჩვენს ასოცირების დღის წესრიგს და მის სამოქმედო გეგმას.

ასე რომ, საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ნატოსკენ სწრაფვის წინააღმდეგ გამოსვლა სრულიად ალოგიკურია, რადგანაც ჩვენი მოსახლეობის 75 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ნატოში ინტეგრაციას, ხოლო ევროინტეგრაციას მხარს უჭერს 80 პროცენტზე მეტი. ჩვენ ვემხრობით ღირებულებებზე დაფუძნებულ ინტეგრაციას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მიზნები მიღწეული იქნება თანმიმდევრული და მიზანმიმართული შრომის შედეგად.

რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში?! რას წარმოადგენს საქართველო რუსეთისთვის? - სწორედ ეს არის მთავარი კითხვა. როგორია საქართველოს რუკა? რომელ ქვეყანაზე ლაპარაკობს რუსეთი?! - ესაა მთავარი კითხვები. ბოდიში, მაგრამ ფრაზა ეკონომიკური ზრდის დაბალი სიჩქარის შესახებ იქ, სადაც სტაბილურობას ძირს უთხრის რუსეთის მხრიდან ინტერვენცია, ძალიან სარკასტულად ჟღერს, - უპასუხა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარის ვიაჩესლავ ნიკონოვის რეპლიკას.

რუსეთზე საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: მეზობლები მტრებად არ უნდა აქციო. სტაბილური და დემოკრატიული მეზობლების გარემოცვაში ყოფნა ყველა ჩვენგანის ინტერესებში შედის. მეორე მხრივ, ეს პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე სხვა სახელმწიფოებისა და მეზობლების სუვერენული გადაწყვეტილების პატივისცემის ძირეულ პრინციპებს.