პუბლიკაციები
„ბოლოს ისე არ მოხდეს, რომ რუსეთთან დაჩოქილებს მოგვიწიოს მისვლა არა აფხაზეთის და ცხინვალის, არამედ უკვე აჭარის გადასარჩენად“ - თამაზ მეჭიაური

   მსოფლიოს ახალი გადანაწილების აგრესიული პროცესი საქართველოსთვის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. გეოპოლიტიკური გიგანტების შუაგულში მოყოლილ სახელმწიფოს, რომლის 20%-ს რუსეთი და 80%-ს დასავლეთი აკონტროლებს, ბეწვის ხიდზე გავლა კიდევ ერთხელ უწევს. სამხრეთის მეზობლის გააქტიურება დედაქალაქსა და საზღვრისპირა რეგიონში ქვეყანას „კარგად დავიწყებულ ძველს“ ახსენებს.

პარალელურად, კრემლის მხრიდან  სოხუმში  ე.წ. “საელჩოს“ გახსნა, ხოლო ცხინვალში „ელჩის“ გამწესება ქართულ-რუსულ ურთიერთობას დამატებით ართულებს. ამ ფონზე ევროკავშირის წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის მიერ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებული პროვოკაციული მილოცვა საზოგადოებაში ეჭვის და უნდობლობის გაჩენის საფუძველი ხდება.

ხომ არ არსებობს საშიშროება იმისა, ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში არაღიარების პოლიტიკა საქართველოს საწინააღმდეგოდ იცვლებოდეს? ხომ არ იყო ზალბერის განცხადება სატესტო და სასიგნალო?  რატომ მიდის რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის გამწვავებაზე და რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა გააქტიურებული თურქეთის ფონზე? ამ და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე sazogadoeba.ge- ყოფილი პარლამენტარი თამაზ მეჭიაური ესაუბრება:

-ბატონო თამაზ, მოსკოვმა ცხინვალში რუსული სამშვიდობო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი მარატ კულახმეტოვი .. ელჩად დანიშნა, სოხუმშიცსაელჩოგახსნა. ხომ არ ფიქრობთ, რომ  რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობას ამწვავებს?

-რა თქმა უნდა, ცხადი იყო, რომ რუსეთი სიტუაციას გაამწვავებდა, მაგრამ არც ჩვენ ჩამოვრჩებით და ნატოს მეშვეობით აქ ძალის დემონსტრირებას ვუწყობთ. ჩვენს ტერიტორიაზე  ერთ მხრივ, რუსული ქვედანაყოფების გაძლიერება, მეორე მხრივ, ნატოს ღონისძიებების ჩატარება და მესამე მხრივ- თურქეთის გააქტიურება, კარგ პერსპექტივას არ გვიქადის. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საქართველოს გადანაწილების პროცესი მიდის. ყოველშემთხვევაში, რუსეთი, თურქეთი და ამერიკა ამას ცდილობენ. ჩვენი ხელისუფლების ქმედებები კი ამ დროს ძალიან დიდი რისკის შემცველია.

რაც შეეხება ცხინვალში „ელჩის“ გამწესებას, ეს არის მეფისნაცვლის დანიშვნა. კულახმეტოვს რას დაარქმევენ, რეალურად დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ამით რუსეთი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ქმედებას მოსკოვიდანაც საპასუხო ნაბიჯი  მოჰყვება, საბოლოო ჯამში,  ჩვენ ვზარალდებით, მხარდამჭერი ფაქტიურად, არ გვყავს.

ზოგ ქვეყანაში ამერიკაა გამაგრებული, ზოგში- რუსეთი, მაგრამ ჩვენთან რა ხდება? საქართველოს ერთ ნაწილში რუსები გამაგრდნენ, აჭარაში- თურქები ძლიერდებიან და სამცხე-ჯავახეთისკენ გადმონაცვლებას ცდილობენ. თურქებმა თბილისი ფაქტიურად მშვიდობიანად დაიპყრეს. ეს პროცესები საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს.

დიდგორობის აღნიშვნა აგვიკრძალეს, ჩვენმა ხელისუფლებამ უკან დაიხია, მეჩეთების თემაც ძალიან გააქტიურებულია. მასმედიაში წინა პლანზე წამოწეულია, თუ როგორ იჩაგრებიან მუსლიმანები, რომელთაც მეჩეთი აქვთ, მაგრამ კიდევ უნდათ ააშენონ.   ბათუმში ქუთაისის ქუჩის მთელი პირველი მხარე თურქებს აქვთ დაკავებული და  მოსაჩვენებლად ვითომ ქუჩაში ლოცულობენ. ამას ჩვენი მასმედია პირველ თემად აშუქებს და არც ახსენდებათ, რომ ანდრია პირველწოდებულის ან თამარ მეფის ხსენების დღეა, დიდგორობაზე არაფერს ვამბობ, სადაც თავისი ისტორიის მანძილზე,  ჩვენმა ხალხმა  ყველაზე დიდი გამარჯვება იზეიმა. ეს არის შეთქმულება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ! ამაში  სულგაყიდული ადამიანები მონაწილეობენ, რომელთაგან ზოგი არასამთავრობოებშია, ზოგი მედიაში, ზოგიერთს ქრისტიანულ დღესასწაულებზე დიდი სანთელი უჭირავს ხელში, მაგრამ სინამდვილეში ანტიქრისტიანულ და ანტიმართლმადიდებლურ ქმედებას სჩადის.

- საქართველოს გადანაწილების პროცესზე საუბრობთ, როგორ ფიქრობთ, რუსეთი დაუშვებს თურქეთის კიდევ უფრო გააქტიურებას რეგიონში?

-კიდევ კარგი, რომ რუსეთისთვის მიუღებელია თურქეთის გააქტიურება.  პროცესები ისე წავიდა, რომ რეგიონში ნატო შემოვუშვით. ნუ დაგვავიწყდება, რომ თურქეთისთვის ნატოს წევრობას ხელი არ შეუშლია ნატოს მეორე წევრი ქვეყანისთვის ტერიტორია „აეხია“. მაშინ  არც ამერიკელები გამოსარჩლებიან საბერძნეთს მაინცდამაინც და არც ევროპის შეშფოთებულ-აღშფოთებული ნაწილი. ასე რომ, თურქეთის შემოსვლა   საქართველოში, მით უფრო ნატოს სახით, ნიშნავს იმას, რომ მათ  საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს ვაბარებთ. ეს იქნება მოღალატობრივი ქმედება  ჩვენი მხრიდან. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ მე ამის საშიშროებას ვხედავ. რას დაუპირისპირებს ჩვენი ქვეყანა მოვლენების ასეთი სცენარით განვითარებას?  ბოლოს ისე არ მოხდეს, რომ რუსეთთან დაჩოქილებს მოგვიწიოს მისვლა არა აფხაზეთის და ცხინვალის, არამედ უკვე აჭარის გადასარჩენად. ნუ დაგვავიწყდება, არცთუ ისე შორეულ წარსულში რა მდგომარეობა გვქონდა, ქართლს მთელი 130 წლის განმავლობაში მართლმადიდებელი მეფე არ ჰყავდა, ქვეყანა სამთავროებად იყო დაშლილი. ჩვენი მეფეები ხან სპარსეთის, ხან ოსმალეთის კარზე დადიოდნენ, ხანაც ევროპაში გზავნიდნენ ელჩებს. თუნდაც სულხან-საბამ რამდენი იარა, მაგრამ ბოლოს სად აღესრულა, ხომ არ დაგავიწყდათ? მხარდაჭერა რომ ვერსად ნახა რუსეთში წავიდა და  დღესაც იქაა დაკრძალული.

ვახტანგ მეექვსემ მაჰმადიანობა არ მიიღო? ის ხომ არ დაგვავიწყდა, როგორ ზარზეიმით შეხვდნენ ნადირშაჰს  1735 წელს თბილისში, როგორც ოსმალებისგან განმათავისუფლებელს. რატომ? იმიტომ, რომ ოსმალები გაცილებით უფრო დიდ უბედურებად იყვნენ შერაცხულები, ვიდრე სპარსელები, რომლებმაც ასევე ხარკი დააწესეს, მაგრამ ესეც სანატრელი გაუხდათ და როგორც განმათავისუფლებლებს, ისე მიეგებნენ. აი, ეს ყველაფერი დაგვავიწყდა ჩვენ. შეიძლება რუსეთიც უბედურებაა, მაგრამ რა უბედურებასაც გადავრჩით, იმას ვერც შევადარებთ. თვითონ ერეკლე რა, არ იბრძოდა ნადირშაჰის გვერდზე? მოღალატე იყო? ინდოეთშიც კი იყვნენ ერთად წასული. ახლა რატომ გვიკვირს ჩვენ?

-ქუმსიშვილის მედვედევთან ერთად სურათის გადაღებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.  თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ამ ფოტოს ნახვისას?

-ქუმსიშვილის ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ მედვედევთან შედარებით გაცილებით სიმპატიურად გამოიყურებოდა, უფრო ტანადიც ჩანდა. მედვედევი თანამდებობრივად მაღლა დგას, მაგრამ ტოლებივით იყვნენ წარმოდგენილნი, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ჩვენი დროშაც ფრიალებდა. რაც შეეხება კვირიკაშვილს, ერდოღანმა ძალიან დამამცირებლად მიიღო ჩვენი პირველი პირი, კვირიკაშვილს პატარა ალამიც კი არ დაუდეს, რაც შეურაცხმყოფელი იყო.  

კლასის დამრიგებელი ბავშვს რომ გამოიძახებს და დააყენებს, იმას გავდა ტრამპი-კვირიკაშვილის შეხვედრა. დააკვირდით,  პუტინი როგორც ტოლი ტოლს, ისე  ხვდება თვითაღიარებული რესპუბლიკების ხელმძღვანელებს. ერდოღანმა კი სულთანივით მიიღო კვირიკაშვილი.

- ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან, ჰერბერტ ზალბერმა სამხრეთოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს არჩევნების შედეგები მიულოცა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა არაღიარების პოლიტიკას მხარი ხაზგასმულად დაუჭირა, ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ვითარება ჩვენს საწინააღმდეგოდ იცვლებოდეს და ზალბერის განცხადება სატესტო და სასიგნალო იყოს?

-რა თქმა უნდა, ამ ზრს აქვს არსებობის უფლება. კითხვა მეც მიჩნდება, ხომ არ გვაგუებენ ამას? წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ამბავს გაცილებით დიდი სკანდალი უნდა მოყოლოდა. ასეთი შეურაცხმყოფელი ჟესტი ჩვენს ქვეყანას ასე მსუბუქად არ უნდა გაეტარებინა. ზალბერი ლამის ჩოხის კალთაზე ემთხვია ე.წ. პრეზიდენტს და ეს ჩვენ ტერიტორიების დაბრუნებაში დაგვეხმარება? ამის იმედზე უნდა ვიყოთ ჩვენ?

კი, ლუჟკოვმაც შეურაცხყოფა მოგვაყენა, მაგრამ ლუჟკოვი ამ შემთხვევაში მაინც კერძო პირი იყო, რომელსაც მოლაპარაკების პროცესზე არანაირი გავლენა არ აქვს. რეაგირება მასზეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ  ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის ქმედებებთან შედარებაც არ შეიძლება. ამიტომ თუ ვიძახით, რომ რუსებმა დაგვიპყრეს და ძირითადად ასეც არის, მაშინ რუსებს უნდა ველაპარაკოთ.

-დაგვიანებული ხომ არ არის რუსეთთან დიალოგის დაწყება?

-დაგვიანებულია, მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. აბაშიძე-კარასინის ფორმატი გაცილებით უფრო პროდუქტიულია, ვიდრე -ჟენევის. ხომ ნახეთ, ევროპიდან ჩამოსული მომლაპარაკებელი რას აკეთებს?  ჟენევის ფორმატს არაფერი მოყოლია გარდა იმისა, რომ ერთერთმა თანათავმჯდომარემ  არალეგიტიმიური არჩევნები აღიარა. რაც არ უნდა ალამაზონ  ევროკავშირის წარმომადგენლებმა, რეალურად ბოდიში არავის არ მოუხდია. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ეს ყველაფერი ბლეფი და  მხოლოდ დროის გაწელვაა. მართალია აბაშიძე-კარასინის ფორმატი ყველაფერს ვერ წყვეტს, მაგრამ მისი გაფართოება უნდა მოხდეს და ვარა გაუქმება. დიპლომატიური ურთიერთობიოს გაწყვეტის გამო ჩვენი თანამემამულეები ზარალდებიან, რუსეთის მხარეს ისედაც უვიზო მიმოსვლა აქვს ჩვენთან.  ხელისუფლებას აშანტაჟებენ, რომ არ დაიწყოს რუსეთთან სიტუაციის დალაგება. პირველ რიგში, გამბედაობა უნდა ეგვეყოს და რუსეთთან  დიპლომატიური ურთიერთობა აღვადგინოთ. ჩინოვნიკები სურათის გადაღებას კი არ უნდა გაურბოდნენ,  პირიქით, სურათს მიღმაც უნდა ელაპარაკებოდნენ.  დიალოგი ისევ ჩვენი დევნილების თუ ემიგრაციაში მყოფი თანამემამულეების მდგომარების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

- ოპონენტი პოლიტიკოსების განცხადებებით, რუსეთთან ერთი-ერთზე მოლაპარაკებას აზრი არ აქვს...

-აბა, ზალბერების მეშვეობით აქვს აზრი? ის დაალაგებს სიტუაციას? ესენი არიან მავნებლები, რომლებიც პოლიტიკურად და ფინანსურად მხოლოდ  ესკალაციის პირობებში არსებობენ. როგორ შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა?  უკრაინა მაგალითად მოჰყავთ, ის ავიწყდებათ, რომ უკრაინა შუაზე გახლიჩეს, საქართველოს კიდევ  ეს სცენარი უნდა? რატომ არის უკრაინა საქართველოსთვის სამაგალითო? ეს ხელისუფლებას ავად თუ კარგად ახერხებს იმას, რომ უკრაინისგან განსხვავებით საომარ პროცესებში ვერ ჩაგვრთეს ჯერჯერობით.

-თვლით, რომ დასავლეთს სურს ჩვენი რუსეთთან კონფლიქტში ჩართვა?

-რა თქმა უნდა, დასავლეთს ვგულიხმობ და  მათ წარმომადგენლებს, ნაც.მოძრაობის სახით, რომლებმაც მაიდანის მოწყობა ბევრჯერ სცადეს.  სამაგიეროდ, „ოცნება“ იმდენ დათმობაზე წავიდა, რომ ნახევარი საპარლამენტო სია ნაციონალებით დააკომპლექტა  და პლუს ნაც.მოძრაობა რამდენიმე ძალად განფინა. გვაქვს ახლა მოჩვენებითი პოლიტიკური სპექტრი, თითქოს ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ  დასავლეთზე   მლოცველი და მოფიქრალი ერი არსებობს.  ყველა ძალა, რომელსაც მწვანე შუქი აქვს ანთებული, არის პროდასავლური.

მოსახლეობის ნახევარზე მეტს ნატოში შესვლის არ ჯერა და ძალიან კარგად ხვდება, რომ რომც შევიდეთ, ეს  არამარტო აფხაზეთის და ცხინვალის, არამედ აჭარის დაკარგვად დაგვიჯდება. ვინც ასე ფიქრობს, ამ ხალხს პარლამენტში ერთი წარმომადგენელიც კი არა ჰყავს. ამომრჩეველთა ნების იგნორიორება  სხვადასხვა მახინაციებით მოხდა. ამ ხალხის უკმაყოფილება მალე სახლიდან ქუჩაში გადმოინაცვლებს.

-ამ ფონზე რამდენად გამართლებულია კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ საქართველოს საგარეო კურსი ცალსახად ევროატლანტიკურია?

-ეს იქნება დანაშაულებრივი, მოღალატეობრივი  ჩანაწერი. ეს თუ გაკეთდა იქნება იმისათვის,  რომ დასავლეთს სხვა რამეებზე თვალი დახუჭინონ.

რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას,  მთავარია, მიწა არ გაიყიდოს! კონსტიტუციაში ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს ასახული, ეს კი ილია ჭავჭავაძემ ყველაზე კარგად ჩამოაყალიბა: |“მამული, ენა, სარწმუნოება“.  მიწის გაყიდვის უფლება არავის აქვს!

ენას  დაცვა და უმღლეს დონეზე აყვანა სჭირდება. ცენტრალურ ქუჩებზე გაივლი და ქართულს ვერ გაიგონებ. ყველას, ვისაც არ ეზარება თავისი ბანერი აქვს გამოტანილი, რა ენაც უნდათ, იმ ენაზე აწერენ, ლამის მინი სახელმწიფოები შექმნან.

ყველანაირ ფობიას მაბრალებენ, თუ კი რამე არსებობს, მაგრამ როგორ შეიძლება, რომ მართლმადიდებლობა, რომელზედაც დგას ჩვენი ქვეყანა სხვა რელიგიებს გავუთანასწოროთ? კი, ბატონო, კონსტიტუციაში ნათქვამია მართლამდიდებლობის განსაკუთრებულ როლზე, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული კონკორდატის შენარჩუნება როგორ უნდა მოხდეს. საჭიროა დაზუსტება, რომ მართლმადიდებლობას სხვა რელიგიებთან შედარებით უპირატესობა რეალურად  ჰქონდეს.

ეს ყველაფერი სამართლიანმა არჩვევნებმა უნდა უზრუნველყოს. პარლამენტში მოსახლეობის განწყობა რეალურად უნდა აისახოს. სახელისუფლებო პარტიის მცდელობა ყველა გაუნაწილებელი მანდატი მიითვისოს, უსამართლობაა. ხალხმა ხმა ივანიშვილს მისცა და ამათ უნდათ მთელი ცხოვრება დაიკანონონ. 26 მაისს დარბეული ხალხი ყველა გარეთ დარჩა, ხოლო ვინც ამათ აპრავებდა, პარლამენტშია, ეს ბედის ირონიაა.

ბარიერი 3%-მდე მაინც უნდა დაწიონ, თორემ დიდი მცდელობაა იმისა, რომ ავანსცენაზე მხოლოდ დასავლეთიდან მართული პარტიები დარჩნენ, სხვები კი საერთოდ განადგურდნენ.