სამართალი
საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი დაინიშნა

   საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელად ევგენი კონიშევი დანიშნა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით, კონიშევი ევგენი დაინიშნა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის, ხელმძღვანელად", — აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. კონიშევს მანამდე სომხეთის ქალაქ გიუმრიში რუსეთის გენერალური კონსულის თანამდებობა ეკავა.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ 2008 წლის აგვისტოში გაწყვიტა.
ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე-კარასინის რეგულარული შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები ტრადიციულად პრაღაში იმართება და ითვალისწინებს დისკუსიას მხოლოდ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე. თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან გაიხსნა რუსეთის ინტერესების სექცია, საქართველოს ინტერესების ანალოგიური სექცია კი — მოსკოვში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევგენი კონიშევი 1955 წელს დაიბადა. ფლობს ფრანგულ და რუმინულ ენებს. აქვს მე-2 კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი, რომელიც 2016 წლის თებერვალში მიენიჭა. ის დიპლომატიურ სამსახურში 1992 წლიდან არის. 2013 წელს დაინიშნა რუსეთის გენერალურ კონსულად გიუმრიში.