პოლიტიკა
ნატო ზრუნავს რუსეთის აგრესიის შეჩერებაზე - მიხეილ ჯანელიძე

   საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ეს არის უდიდესი პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსადმი - ამ განცხადებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებას გამოეხმაურა.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენ ვართ ევროპასთან ასოცირებული ქვეყანა, ჩვენ ვართ ევროატლანტიკური უსაფრთხოების ნაწილი და ძალიან ღრმა, მჭიდრო თანამშრომლობის მქონე ნატოსთან და, ასევე, ასპირანტი ქვეყანა. საკმაოდ სიმბოლურია ის, რომ დამოუკიდებლობის დღესთან ერთად იმართება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა საქართველოში. ეს არის უდიდესი პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსადმი და უდიდესი აღიარება იმ პროგრესის, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ეს პროცესი, პირველ რიგში, უკავშირდება ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და ჩვენს თავსებადობას ნატოსთან“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრი  ნატოს გენერალური მდივნის იმ განცხადებებსაც გამოეხმაურა, სადაც იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები სწორედ საქართველოთი დაიწყო.

„ნატო არის უსაფრთხოების დაცვაზე ორიენტირებული ორგანიზაცია და, შესაბამისად, ის ზრუნავს არა მხოლოდ ალიანსზე, არამედ მის პარტნიორებზე, ასპირანტ ქვეყნებზე“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.