საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მთავრობის ახალ შემადგენლობაში პირველი დანიშვნები განახორციელა.
სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა დიმიტრი მედოევი, რომელსაც 2009-2015 წლებში რუსეთის ფედერაციაში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ეკავა.
სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიურ უბედურებათა შედეგების ლიკვიდაციის მინისტრად დაინიშნა ალან ტადტაევი, რომელიც ადრე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
ფინანსთა მინისტრად - აზა ხაბალოვა, რომელსაც ეს თანამდებობა 1999-2008 წლებში და 2012 წლიდან დღემდე ეკავა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრად - ნატალი გასიევა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2015 წლიდან დღემდე მუშაობდა.
იუსტიციის მინისტრად - ზალინა ლალიევა, რომელსაც ადრე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტში იურისტ-კონსულტანტის თანამდებობა ეკავა.
კულტურის მინისტრად - ჟანა ზასეევა, რომელიც ადრე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა.
ეკონომიკური განვითარების მინისტრად - გენადი კოკოევი, რომელიც 2001-2003 წლებში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი იყო.