ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" განცხადება, რომელიც გორის რაიონის სოფელ ვარიანში, ტელეანძის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის პრივატიზებას ეხებოდა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ არ დააკმაყოფილა. ეს ინფორმაცია "თრიალეთმა" საკუთარ ვებგვერდზე განათავსა.
ტელეანძის მიმდებარე მიწის ფართობის შეძენა ტელე–რადიო კომპანიას სურდა, თუმცა ამ ტერიტორიის მფლობელი შპს "კავკაზუს ონლაინი" გახდა.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებას ტელეკოპანია ხელისუფლების მხრიდან თავისუფალი სიტყვის შეზღუდვად მიიჩნევს.
"ზეწოლა დაიწყო მას შემდეგ, რაც "თრიალეთის" ეთერში გადის ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემები, სტუდია "მონიტორის", "რეპორტიორის" ჟურნალისტური გამოძიებები და თოქ-შოუ "ცხელ ხაზში" სტუმრად მოდიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები", - აღნიშნულია ტელეკომპანიის ვებგვერდზე.
გორის საკრებულოს დარგობრივი და კომუნალური კომისიის თავმჯდომარემ ავთო შოშიაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" სატელეფონო საუბარში განუმარტა, რომ ანძის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც "თრიალეთს" ტელეანძის განთავსებისთვის სურს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და მის პრივატიზებას ვარიანის მოსახლეობა ეწინააღმდეგება.