საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები: მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, მხატვრები, სტუდენტები და მოსწავლეები შეუერთდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად 20-მდე „ზებრა“- გადასასვლელი მოიხატა.
ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ერას მოედანთან მდებარე „ზებრა“-გადასასვლელი - ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რუსთაველისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთასთან მდებარე გადასასვლელი კი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოხატეს.
ახალციხის ცენტრალურ პარკთან, ნათენაძის ქუჩაზე „ზებრა“-გადასასვლელი საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი სამხატვრო სკოლის მხარდაჭერით მოიხატა.
გორში 2 „ზებრა“-გადასასვლელი ადგილობრივი სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მოხატეს, თელავის ცენტრში, ერეკლე მეორის ქუჩაზე მდებარე გადასასვლელი კი - ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა.
აქციის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.