საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. გუშინ, 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო დელეგაცია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის თემებს შორის საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო სისტემა, ასევე თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევა იყო.
„ვისაუბრეთ არა როგორც უბრალოდ ადგილობრივ არჩევნებზე, არამედ როგორც ერთგვარ რეფერენდუმზე, რომელიც ჩატარდება ოქტომბერში და საკითხი ამ ერთგვარ რეფერენდუმზე იქნება - კი თუ არა არაფორმალურ მმართველობას, რომელიც გამეფებულია ქვეყანაში ყველა დონეზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
გუშინვე აშშ-ის სამთავრობო დელეგაციის წევრები “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. პარტიის ლიდერების განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებსა და მედიაგარემოს, მათ შორის, “რუსთავი 2”-ის საქმეს შეეხო.
„უკან გადადგმული ნაბიჯები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკულად დაიმორჩილა ხელისუფლებამ. თავდასხმა და შეტევა “რუსთავი 2”-ზე, დიდ ნაციონალურ მაუწყებელზე, რომელსაც მთავრობა ვერ აკონტროლებს, აგრეთვე დაუსჯელობა, როდესაც საქმე ეხება ოპოზიციას. ერთი წელი გავიდა კორცხელის ინციდენტიდან, ჩვენ ვიცით ასევე ფარცხალაძესთან დაკავშირებული ინციდენტები“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ოთარ კახიძემ.