საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს ფრაქციის „ქართულიოცნება -დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე და თბილისის საკრებულოს ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი უკრაინის ელჩს საქართველოში იგორ დოლგოვს და უკრაინის საელჩოს მე-2 მდივანს ვიქტორია ლიალინას შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა, საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
იგორ დოლგოვმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წელს თბილისში გამართული ღონისძიებისთვის „უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე“ მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის დღეები საქართველოში წელსაც სათანადოდ აღინიშნება.
შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.