საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას თქმით, "ციანიდის საქმეში" ბრალდებული დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე, ეკლესიის სახელით, ესპანეთიდან საქართველოში 50 მილიონი ევროს უკანონო ტრანზაქციას აპირებდა. ამის შესახებ იურისტმა "განსხვავებულ აქცენტებში" განაცხადა.
"საინტერესოა, საიდან ჰქონდა ესპანეთში გახსნილი კომპანია მღვდელს, რომელსაც სამეწარმეო საქმიანობის უფლება არ აქვს.
არ შეიძლება, მღვდელი ბიზნესმენი იყოს. ბიზნესმენი მღვდელი - ასეთი გაგება არ არსებობს. კანონიკური სამართლის ნორმებითაც ეს დაუშვებელია.
50 მილიონი ევროს ტრანზაქცია უნდა განხორციელებულიყო. ვსაუბრობ ბოლო პერიოდზე. უკანონო ფულის ტრანზაქცია უნდა განხორციელებულიყო, ამ შემთხვევაში თავმჯდომარე იყო მამა გიორგი მამალაძე და ეს უკანონო ფული უნდა გათეთრებულიყო და ეკლესია უნდა გამოყენებულიყო. საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგაც კი იყო გარკვეული ქმედება მიმართული. არსებობს მტკიცებულებები, არსებობს ხელშეკრულება, სადაც მამალაძე აწერს ხელს.
არსებობს ხელშეკრულება ერთ-ერთ პირთან, რომელიც ახლა, ბოლოს, შემთხვევით აღმოჩნდა... ამ უკანონო ფულის, 50 მილიონი ევროს ტრანზაქცია უნდა განეხორციელებინა რაღაც კომპანიის მეშვეობით, რომლის თავმჯდომარეც თვითონ არის მამაო და დაფუძნებულია ესპანეთში. მის ზურგს უკან რომ ვიღაც ჯგუფი დგას, ეს არის ფაქტი.
საინტერესოა, ვინ მისცა ამ პიროვნებას უფლება, ლოცვა-კურთხევა, რომ რაღაც უკანონო თანხა (50 მილიონ ევროზეა საუბარი და არა 50 ლარზე) შემოეტანა საქართველოში ეკლესიის გამოყენებით?!", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
იურისტის თქმით, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები საპატრიარქოში აღმოჩნდა. ხოლო უკანონო ტრანზაქცია დეკანოზ გიორგი მამალაძეს "უკრაინის მოქალაქეების მეშვეობით უნდა განეხორციელებინა".