პოლიტიკა
გიგლა ბარამიძე: კარგია, როდესაც ასეთი სახელმწიფოს პრეზიდენტი იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ნუ გვექნება განსაკუთრებული მოლოდინები

   საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტი დადებითად შეაფასა.

„კვირიკაშვილის ამერიკაში ვიზიტი თავისთავად ძალიან კარგია. კარგია, როდესაც ასეთი სახელმწიფოს პრეზიდენტი იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ჩვენ ნუ გვექნება განსაკუთრებული მოლოდინები. ეს იყო გაცნობითი სახის ვიზიტი აშშ-ში, რამდენიმე წუთით მაღალ დონეზე მოხდა კვირიკაშვილის მიღება, თუმცა, ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს საქმე. თვით ის ბიუჯეტის დოკუმენტი, რომელსაც ტრამპმა ხელი მოაწერა და სადაც დაფიქსირებულია, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დე-ფაქტო დამოუკიდებლობას აღიარებს, აშშ-სგან ფინანსურ მხარდაჭერას ვერ მიიღებს, ძალიან კარგია, თუმცა, მე შემრცხვა, როცა საქართველოს დელეგაციამ ჩინეთში აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის წარმომადგენლებთან ფოტოები გადაიღო!", - აცხადებს ბარამიძე.