საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „მთავარმა პროკურატურამ წერილობით მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და მოითხოვა ხსენებულ უწყებაში მიმდინარე შემოწმების მასალების გადმოგზავნა, რომელიც შეეხება ქ. თბილისის მერიის მიერ, 2016 წლის პერიოდში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (მიწის ნაკვეთების) გადაცემის კანონიერებას.
საქართველოს გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას მიერ მედიასაშუალებებში გაკეთდა არაერთი განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობდა 2016 წელს თბილისის მერიის მიერ მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხის კანონიერებას და მასში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები.
მიუხედავად არაერთი განცხადებისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ არ მოხდა აღნიშნული მასალების გასაჯაროება და რეაგირების მიზნით სამართალდამცავი ორგანოსთვის გადაგზავნა.
ვინაიდან “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 241-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ნიშნების შემცველი აუდიტის მასალების გადაგზავნა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სამართალდამცავ ორგანოში, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭიანურებს, საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, თავად გამოითხოვოს აღნიშნული მასალები შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის“.