საზოგადოება
თბილისის მერი ფარცხალაძის კომპანიისთვის გადაცემულ მიწებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის დასკვნაზე საუბრობს

   საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. თბილისის მერი დავით ნარმანია აუდიტის დასკვნას ეხმაურება, სადაც თბილისის მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის მიწის გადაცემისას არსებულ დარღვევებზეა საუბარი.

საქმე ეხება თბილისის მერიის მიერ ოთარ ფარცხალაძის კუთვნილი კომპანიის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას და მიწების ჩანაცვლების ისე დასრულებას, რომ დედაქალაქის მერიის ბიუჯეტმა 2 მილიონი დაკარგა.

დედაქალაქის მერი ამბობს, რომ თბილისის მერიამ აუდიტის სამსახურს დოკუმენტაცია სრულად გადასცა და სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები იმის შესახებ, რომ თბილისის მერიამ აუდიტის სამსახურს დოკუმენტაციის ნაწილი დაუმალა.

"ეს არის ტყუილი. ნებისმიერი დოკუმენტაცია, რაც ქალაქის მერიაში ინახება, არის შემმოწმებლებისთვის ღია, ასე რომ, ყველანაირი დოკუმენტაცია, რაც ჩვენ ხელთ გვქონდა, მივეცით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს. შეფასება გაკეთებულია ექსპერტების მიერ, ასე რომ თბილისის მერია დაეყრდნო ამ შეფასებას," - განაცხადა დავით ნარმანიამ.