საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი გ. კ. და ვ.ა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვა-გასაღების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
ბრალდებულებმა გასაღების მიზნით შეიძინეს ყალბი 500-ევროიანი კუპიურა, რომელიც მიმდინარე წლის 8 მაისს თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში გაასაღეს. აღნიშნული ქმედებით ჯიხურის მოლარე-ოპერატორმა 1305 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიიღო.
სამართალდამცველებმა ვ.ა-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მაკაროვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ბრალდებულების მიერ გასაღებული ყალბი კუპიურა.