საზოგადოება
შსს: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

   საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. შსს ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „24 მაისს, 24:00 საათიდან, რუსთაველის გამზირსა და ვარდების მოედანზე მოქალაქეებისთვის ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება. მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძის, უსახელოს, არჩილ ჯორჯაძის, გია ჭანტურიას და მესხიას ქუჩებზე.

26 მაისს, 05:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე მოძრაობა აიკრძალება, ხოლო კოტე აფხაზის, შალვა დადიანის და გიორგი ლეონიძის ქუჩებზე - შეიზღუდება.

ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით - რევაზ თაბუკაშვილისა და დანიელ ჭონქაძის ქუჩებზე.

ზემოაღნიშნულ ქუჩებსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა 27 მაისს, საზეიმო ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება“.