საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ, თბილისის საკრებულოსთან არსებული ეროვნული უცმირესობების საბჭოს ხელმძღვანელმა რიტა ხიდირბეგიშვილმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა ნუნუ ოვსიანიკოვამ და პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდიმ პროგრამის „ვისწავლოთ ქართული“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი „ვისწავლოთ ქართული“ 2015 წლიდან საქართველოს 3 რეგიონში: ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში და კახეთში ხორციელდებოდა.
თბილისში პროექტი დედაქალაქის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ და საკრებულოსთან არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით ხორციელდება და მისი მიზანი ეროვნული უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლებაა.
პროგრამა მსურველთათვის ქართული ენის სწავლების 3-თვიან საფეხურს გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც მათ სწავლისათვის საჭირო ნივთები უფასოდ გადაეცემათ. აღნიშნული კურსები თბილისში 2017 წლის თებერვლიდან დაიწყო და ამ დროისთვის სწავლების 3-თვიანი საფეხური 20-მა მსურველმა წარმატებით გაიარა. ქართული ენის შემსწავლელი კურსები, რომლებიც „თბილისის მეგობრობის სახლში“ მიმდინარეობდა, ეროვნული უმცირესობებისთვის სექტემბრის თვიდან კვლავ განახლდება.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას თბილისის საკრებულოს ფრაქციასთან "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი რიტა ხიდირბეგიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და პროექტის „ვისწავლოთ ქართული“ პედაგოგები ესწრებოდნენ.