საზოგადოება
ციანიდის საქმეში დევს ინტიმური დეტალები, რაც დეკანოზ გიორგი მამალაძის პირად ცხოვრებას ეხება - პროკურორი

   საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ე.წ. ციანიდის საქმის სახელმწიფო ბრალმდებლები სასამართლოსგან პროცესის საჯარო განხილვის დახურვას ითხოვენ.

"ციანიდის საქმეში დევს დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტიმური დეტალები, რაც მის პირად ცხოვრებას ეხება, ასევ ეხება მესამე პირს. საქმეში ისეთი დეტალებია, რაც ეწინააღმდეგება სასულიერო პირის ზნეობრივ სტანდარტებს", - განაცხადა პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა

19 მაისს ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობდა, მხარეები შესავალი სიტყვით წარდგნენ და პარალელურად დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა. გამოძიება დეკანოზ გიორგი მამალაძეს დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარების მიზნით მკვლელობის მომზადებას ედავება.

ინტიმური ვიდეოებით ნუ გვაშანტაჟებთ - მიმართა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორს. თავის მხრივ, პროკურორმა ადვოკატის საპასუხოდ განაცხადა, რომ დაცვამ დაამახინჯა მათ მიერ ნათქვამი, რადგან მათ არ უხსენებიათ ვიდეომასალა და თქვეს, რომ ინფორმაცია, რომელიც უნდა გაასაჯაროვონ, შეიცავს ინტიმურ დეტალებს.

"ჩემი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში. მე დამაკავეს მაშინ, როდესაც ჩავჯექი მანქანაში, რომელსაც მივყავდი აეროპორტში. ახსნა-განმარტების გარეშე შემბოჭეს, განმარტებები არ უთქვამთ, არ მომცეს ადვოკატთან დარეკვის უფლება. ხან მეუბნებოდნენ, პატრიარქის მოკვლა მინდოდა, ხან ვისი, ხან ვისი. რაც შეეხება ჩხრეკას, პროკურატურაში გამჩრიკეს", - განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სასამართლო პროცესზე.