პოლიტიკა
დასავლეთი თბილისს აიძულებს, რაც შეიძლება მალე აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რათა საქართველო ნატოში მიიღონ - საქინფორმი

   საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. წარმომადგენლობითი დელეგაცია - ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ამიერკავკასიაში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე ევროკავშირიდან ჰერბერტ ზალბერი, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ეუთოდან გიუნტერ ბეხლერი, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე გაეროდან ანტი ტურუნენი და კიდევ ორი ევროპელი დიპლომატი გასულ კვირას ვიზიტით იმყოფებოდნენ ცხინვალსა და სოხუმში, ამასთან, სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში ისინი საქართველოს კი არა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მოხვდნენ, რაც “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით დანაშაულია და ისჯება  3 000 აშშ დოლარამდე ოდენობის ჯარიმით ან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

აფხაზეთში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან, მათივე სიტყვებით, “თავიანთ კოლეგებს” შეხვდნენ - აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს და აფხაზეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რომლებსაც მადლობა გადაუხადეს შესაძლებლობისთვის, საკონტროლო-სასაზღვრო პუნქტ “ენგურზე” მდგომარეობას გაცნობოდნენ: “დიდი მადლობა გუშინდელი დღისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, გალის რაიონის ნაწილში ვითარებას გავცნობოდით. ვნახეთ საზღვრის გადაკვეთის დახურული პუნქტები, გვქონდა საუბრის შესაძლებლობა. ეს სასარგებლო მგზავრობა იყო”, - განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა და “აფხაზი კოლეგები” დაარწმუნა, რომ “ყველა ღონეს იხმარს”, რათა 2017 წლის 20-21 ივნისს, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მე-40 რაუნდზე “ქართული მხარე”, ბოლოს და ბოლოს, დათანხმდეს განცხადების გაკეთებას და “ძალის გამოუყენებლობის შესახებ” დოკუმენტის ხელმოწერას.

ცხინვალში კი ჰერბერტ ზალბერმა სამხრეთ ოსეთის ახლად არჩეულ ლიდერს ანატოლი ბიბილოვს წარმატებით ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა: “პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ არჩევნების შედეგი, რომელიც აქ ამასწინათ ჩატარდა და მოგილოცოთ ამ თანამდებობაზე მუშაობის დაწყება, ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, რომელიც ახლა გიკავიათ”, - განაცხადა ზალბერმა და კმაყოფილებით აღნიშნა - “სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჟენევის დისკუსიების მიმართ რესპუბლიკის ინტერესი დაადასტურა”.

ერთი კვირით ადრე რუსი ტურისტი იური ლუჟკოვი, რომელიც საქართველოში თავისი და ქართული წარმოშობის რუსი მილიარდერების ფულის დაბანდების მიზნით ჩამოვიდა, პერსონა ნონ გრატად მხოლოდ სიტყვების გამო გამოაცხადეს - იმის გამო, რომ “კეპკამ” აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება გვირჩია, “რომელთა გარეშე საქართველოს ცხოვრება მაშინვე გაუადვილდება”, თუმცა მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთიდან შემოვიდა და არანაირი კანონი არ დაურღვევია.

მაგრამ ჰერბერტ ზალბერს და ზემოაღნიშნული დელეგაციის სხვა წევრებს პასუხისგებაში არ მისცემენ, არ დააჯარიმებენ, ციხეში არ ჩასვამენ, ლუჟკოვივით პერსონა ნონ გრატად არ გამოაცხადებენ და მომავალში საქართველოში შემოსვლას არ აუკრძალავენ, ჟენევის დისკუსიებს არ ჩამოაშორებენ, თავისი სიტყვების დეზავუირებას არ მოსთხოვენ და ბოდიშსაც კი არ მოახდევინებენ, იმიტომ რომ ყველა მათი ქმედება წინასწარ იყო ცნობილი საქართველოს უმაღლესი ხელისუფლებისთვის - პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრისთვის (რომლებიც დღეს სწორედ ამიტომ დუმან საყოველთაო პროტესტის ფონზე!), ასევე, შეთანხმებული იყო ევროკავშირის, ეუთოს, გაეროს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების ხელმძღვანელობასთან.

“საქინფორმის” ინფორმაციით, ევროპის წამყვანი ქვეყნების, კერძოდ - გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებებმა გაააქტიურეს დიდი ხნის წინ დაწყებული საიდუმლო პროექტი - საქართველოს იძულება, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მისგან განცალკევებულ სახელმწიფოებად აღიაროს. გასაიდუმლოების მიუხედავად, ამის შესახებ ინფორმაციამ, როგორც ჩანს, სოხუმიდან და ცხინვალიდან მოსკოვამდე გაჟონა, ამიტომაც გახდა ის ცნობილი ლუჟკოვისთვის, რომელიც, გამოდის, საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე შემთხვევით კი არ მიანიშნებდა, არამედ ამისთვის მყარი საფუძველი ჰქონდა!

საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა ადრეც ხორციელდებოდა, მაგრამ პრეზიდენტებმა შევარდნაძემ და სააკაშვილმა ასეთ რამეს ხელი არ მოაწერეს თავიანთი მყიფე მდგომარეობის გამო - ქართველი ხალხი ვერ გაგვიგებსო, და ეს ჭეშმარიტებასთან ახლოს იყო. მაგრამ ბოლო ხანებში მუშაობა აჩქარებული ტემპით განახლდა, რასაც საფუძვლიანი მიზეზები აქვს, მაგალითად:

- აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მეგობრული პოზიცია რუსეთის მიმართ. დონალდ ტრამპმა  უარი თქვა სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე “ფერადი რევოლუციების” პოლიტიკაზე და პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში აშშ-ის ჩარევაზე;

- ქართველი ხალხის მიერ ყოველდღიურად სულ უფრო ხმამაღლა გამოხატული ნება რუსულ-ქართული ურთიერთობის სრული მოცულობით აღდგენასთან და დღევანდელი ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ “უალტერნატივო ევროატლანტიკურ კურსზე” უარის თქმასთან დაკავშირებით, რასაც ამერიკული ინსტიტუტების IRI-სა და NDI- გაყალბებული სოციალური გამოკითხვებიც კი იძულებით აფიქსირებს;

- საქართველოს მიერ მჭიდრო პარტნიორული და სავაჭრო ურთიერთობის დამყარება რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ პარტნიორებთან - ირანთან და ჩინეთთან, რაც რუსეთის მონაწილეობით საერთო პროექტებში საქართველოს ავტომატურად ყოფნის გარანტიაა.

დასავლეთში შეეშინდათ, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ, რომლებმაც პირი რუსეთისკენ იბრუნეს, ევროპას კი ზურგი უჩვენეს, მათ, შესაძლოა, საქართველოც დაკარგონ - უკანასკნელი სტრატეგიული ფორპოსტი რეგიონში, შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონცეფციის ერთადერთი უდავო პარტნიორი, სატრანზიტო ტერიტორია “აბრეშუმის დიდი გზის” მარშრუტზე, რომელზეც გადის სტრატეგიული მილსადენები და სატრანსპორტო მაგისტრალები, რომლებიც აღმოსავლეთს დასავლეთთან აკავშირებს, ჩრდილოეთს - სამხრეთთან, აზიას - ევროპასთან, „კავკასიის გასაღები“ გასასვლელებით კასპიის ზღვაზე, ახლო აღმოსავლეთზე და რუსეთის საზღვრებზე სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში.

ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, საქართველო სასწრაფოდ შეათრიონ ნატოში, რაც შეუძლებელია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მისაღები სახელმწიფოს საზღვრების დელიმიტაციის გარეშე. ამიტომ დასავლეთისთვის უკვე ხელსაყრელი აღარ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება - ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, საქართველოს ტერიტორიად ჩათვლა, რადგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთზე საქართველო-რუსეთის საზღვრის დემარკაცია ცნობილი მიზეზების გამო შეუძლებელია.

და კიდევ იმიტომ, რომ ნატოს წესდების მე-5 პარაგრაფი კრძალავს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მოუგვარებელი შიდატერიტორიული პრობლემების მქონე სახელმწიფოს მიღებას. აი, კიდევ რატომ არის აუცილებელი, აიძულონ საქართველო, უარი თქვას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, რომლებსაც ნატოში შესვლა არ უნდათ, და თბილისში მჯდომი ხელისუფლება ნატოში საქართველოს სწრაფად და ადვილად მიღებით აცდუნონ! „გამარჯვებულებს კი არ განსჯიან“ - მერე წავა ინსინუაციები: “ჩვენი მთავრობის წყალობით საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო, დღე-დღეზე კი ნატოს წევრი გახდება! დიახ, ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვიძლია სოხუმსა და ცხინვალში ჩასვლა, სამაგიეროდ, პარიზსა და ბერლინში დავდივართ! ახლა საქართველოს არმია ნატოს მეგობრულ ოჯახში მოძლიერდება და პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში, როცა პუტინი პრეზიდენტი აღარ იქნება, ნატოს დახმარებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დავიბრუნებთ!”.

მაშ ასე, ფორმულა “საქართველო მინუს აფხაზეთი და სამაჩაბლო უდრის საქართველო პლუს ნატო“ ამოქმედებულია! აი, თურმე, რატომ კეთდებოდა სოხუმსა და ცხინვალში შეხვედრებზე გამუდმებით განცხადებები ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის აუცილებლობაზე: “საჭიროა, შეიქმნას იურიდიული დოკუმენტი, რომლითაც მხარეები ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულებას იკისრებენ”, - განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა, თუმცა ღიად არ დაუზუსტებია - რომელ მხარეებზეა ლაპარაკი? ევროპელი დიპლომატების წარმომადგენლობითმა დელეგაციამ მშვენივრად იცოდა, რომ საქართველო არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, და რომ 08.08.08 ომის შემდეგ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსგან მათთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვენ, როგორც საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიან სუბიექტებთან. მაგრამ საქართველო მზად არის, ასეთ ხელშეკრულებას ხელი მხოლოდ რუსეთთან მოაწეროს, რომელიც უარს ამბობს, იმიტომ რომ თავს კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულების ხელმოწერა კი საქართველოს მიერ მათი საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიან სუბიექტებად აღიარების ტოლფასია - ანუ ცალკე სახელმწიფოებად, რომელთა დამოუკიდებლობა უკვე აღიარეს რუსეთის ფედერაციამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ, ვენესუელამ, ვანუატუმ და დონეცკის თვითგამოცხადებულმა სახალხო რესპუბლიკამ.

თუკი დასავლეთის ზეწოლით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ან საქართველოს დღევანდელი მთავრობა, რომელსაც დასავლეთში შემთხვევით არ უწოდებენ “გარდამავალს”, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ და ამით მათ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებენ, მაშინ მათ არა მარტო გადადგომა, არამედ ემიგრაციაში გაქცევა მოუწევთ! საქართველოს კი აღარ ექნება ფორმალური მიზეზი, არ აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, არ შეხვდეს რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და არ აღადგინოს ამიერკავკასიის სარკინიგზო ხაზის სოხუმი-თბილისი-ერევანის მონაკვეთი, ყოველთა სომეხთა დიდად სასიხარულოდ.

რაც შეეხება ნატოში საქართველოს მიღებას, რომელმაც “ბოლოს და ბოლოს, მოაგვარა” თავისი საზღვრების საკითხი და ტერიტორიული პრობლემები, აქ, შესაძლოა, მიღებული იქნეს “ორიგინალური” გადაწყვეტილება - საქართველოს ნაწილობრივი მიერთების გზით მეზობელ ქვეყანასთან - ნატოს წევრთან - “მოძმე” თურქეთთან, თუკი ამას ყარსის ხელშეკრულების მიხედვით გარანტორი ქვეყანა - რუსეთი დათანხმდება.

ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი
2017 წლის 22 მაისი
საქართველო, თბილისი