საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებმა თბილისში მედიისა და არასამთავრობო სექტორისთვის ინფორმაციული შეხვედრა გამართეს.
საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს იძიებს.
რუსეთი ამ ეტაპზე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. გამოძიება კონფიდენციალურია და ვიდრე კონკრეტული ადამიანები არ იქნებიან ბრალდებულები, მანამდე მისი შედეგები უცნობი დარჩება ყველა მხარისთვის.
"გამოძიება რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ჩვენ დავიწყეთ ყველა იმ ინფორმაციისა და დოკუმენტების შესწავლით, რომლებიც მოვიპოვეთ წინასწარი გამოკითხვების საფუძველზე. ახლა გადავედით იმ ეტაპზე, რომელიც ინფორმაციის შესაგროვებლად თვითმხილველებთან გასაუბრებებს მოიცავს. ამ პროცესს იმდენი დრო დაეთმობა, რამდენიც საჭირო იქნება. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ჩავრთოთ ამ პროცესში რუსეთი და სამხრეთ ოსეთი, რომ მათ მოგვაწოდონ ინფორმაცია განვითარებული მოვლენების შესახებ და ამის საფუძველზე ჩვენ შევძლოთ ჩავატაროთ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, მოვუწოდოთ მათ თანამშრომლობისკენ, თუმცა, სამწუხაროდ, ისინი ჯერ ვერ დავითანხმეთ“, - განაცხადა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენელმა პაკისო მოჩოჩოკომ.