საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში კონსტიტუციის განხილვას სთავაზობს.
„მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს! იმის გამო, რომ ქართველი ხალხის პროტესტის გამო ჩაიშალა შეხვედრა ფილარმონიაში და ამის გამო განუხილავი დარჩა ბევრი საჭირბოროტო საკითხი, გთავაზობთ დებატებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში. ცივილიზებულ გარემოში დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე და შესაძლოა, მისაღებ კონსენსუსამდეც მივიდეთ. თქვენთვის მისაღებ დროსა და რიცხვში, მზად ვარ დებატებისთვის. ვფიქრობ, ეს დებატები განმუხტავს დაძაბულ გარემოს და მოგვეცემა საშუალება, მივიღოთ ქართველი ერისთვის მისაღები გადაწყვეტილება. თუ უარს იტყვით დებატებზე, დიდი ალბათობით, პროცესები მიიღებს მწვავე და რადიკალურ ხასიათს და გადაიზრდება პროტესტის უკიდურეს ფორმაში. იმედი მაქვს თქვენი კეთილგონიერების. ველი პასუხს ჩემს შეთავაზებაზე", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.