საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. გუშინ, 18 მაისს პრეზიდენტის შვილის მეგობრის თორნიკე კაჭარავას სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც კაჭარავამ აღნიშნა, რომ მას ერთ-ერთმა პოლიციელმა უთხრა, რომ თუ ქვეყანას არ დატოვებდა, დაიჭერდნენ.
მოსამართლე ელენე გოგუაძის კითხვაზე, თუ რატომ ემუქრებოდა სამართალდამცავი, კაჭარავამ უპასუხა, რომ ეს მუქარა პრეზიდენტის მხრიდან მისი და მისი მეგობრების დაცვის გამო ხდებოდა და რომ „სახელმწიფოსთან ომი" არ გაუვიდოდათ.
სასამართლო პროცესზე თორნიკე კაჭარავამ განაცხადა, რომ ის არ გაცნობია დაკავებისას შედგენილ ოქმს და გუშინდლამდე ვარაუდობდა, რომ პოლიციამ მას იარაღიც ჩაუდო.
მოსამართლე ელენე გოგუაძემ პროკურატურას თორნიკე კაჭარავას დაკავების დროს განხორციელებული სავარაუდო ძალადობითა და მუქარით დაინტერესებისკენ მოუწოდა. კაჭარავამ კონკრეტული გვარიც დაასახელა - დავით კიკნაძე, რომელიც, მისი თქმით, დაკავების დროს ემუქრებოდა.
პროკურორის განცხადებით, თორნიკე კაჭარავამ გამოძიებისთვის დაუდგენელ დროსა და სივრცეში შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი.
გამოძიება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენას გულისხმობს და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
პრეზიდენტის შვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა 15 მაისს დააკავეს.