საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. საქართველოს განვითარების ბანკის დაფუძნების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართა ჩინეთის ქალაქ პეკინში, სადაც მიმდინარეობდა საერთაშორისო ფორუმი „ერთი სარტყელი - ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“.
ახალი ბანკის გაცხადებული კაპიტალი - 1 მლრდ. აშშ დოლარი, ხოლო შევსებული კაპიტალი 300 მლნ აშშ დოლარი იქნება. ბანკის დამფუძნებლები არიან ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“ და კომპანია „Eurasian Invest LLC”.
საქართველოს მხრიდან დეკლარაციას ხელი პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერა.
დეკლარაციის თანახმად, ორივე კომპანიამ აიღო ვალებულება, რომ საქართველოში ახალ კომერციულ ბანკს შექმნიან. „ჩვენი საბანკო სისტემისათვის და ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენცია საბანკო სექტორში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ.