აქტუალური
რუსი სამხედროებისთვის აფხაზეთში წელს 600-ზე მეტ სამსახურებრივი დანიშნულების ბინას ააშენებენ

   საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. რუსი სამხედროები, რომლებიც აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ბაზაზე მსახურობენ, ამ წლის ბოლომდე სამსახურებრივი დანიშნულების ბინებს მიიღებენ. ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროს ვადიმ ასტაფიევზე დაყრდნობით ТАСС იუწყება.

“აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე დამატებით 600 სამსახურებრივი ბინის ექსპლუატაციაში გადაცემა მიმდინარე წელს იგეგმება. ეს საშუალებას მოგვცემს, საცხოვრებლით უზრუნველვყოთ ყველა ოფიცერი, პრაპორშჩიკი და დაოჯახებული კონტრაქტიანი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც სამხედრო სამსახურს შენაერთებში უმცროსი სპეციალისტების თანამდებობებზე გადიან”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც “Абхазия-Информ” გადმოგვცემს.

იქვე აღნიშნულია, რომ ოლქის ჯარების სარდალმა ალექსანდრ დვონიკოვმა აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზის სამუშაო მონახულებისას დავალება გასცა, გუდაუთაში სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა დამთავრდეს და ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში საშტატო სამედიცინო ქვედანაყოფი განთავსდეს.