საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. თვითმმართველ ერთეულებს ინფრასტრუქტურის სამინისტროდან უკვე გაეგზავნათ სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანებისთვის საჭირო შეტყობინება. “ქართული ოცნების” გეგმის მიხედვით, 7 თვითმმართველი ქალაქი 7 სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანდება.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ინიციატივის მიზანი ბიუროკრატიული ხარჯების დაზოგვაა, თუმცა არასამთავრობო სექტორი პროცესის მიღმა თვითმმართველობების უფლებების შეზღუდვას ხედავს. თელავის მერი პლატონ კალმახელიძე თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით “რუსთავი 2”-თან აცხადებს, რომ „რა ცვლილებაც იქნება, იქნება უკეთესობისკენ“.
თელავის საკრებულოს წევრი ნიკოლოზ ვარდოშვილისთვის კი წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მერმა ხმა ქალაქის თვითმმართველი სტატუსის დაკარგვას მისცეს. თვითმმართველი ქალაქების სტატუსის შეცვლასა და გამგებლის სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით ენმ-ის წევრი ბესიკ ქათამაძე განმარტავს, რომ მსგავსი ცვლილებები ნეპოტიზმს და კორუფციას უფრო გაზრდის.
“ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ თვითმმართველი ქალაქების გაერთიანების შემთხვევაში ქალაქის ხელმძღვანელობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან იქნება პასუხისმგებელი და არა საზოგადოებასთან, რაც, მისი თქმით, ნეპოტიზმის გაზრდის წინაპირობაა.
ენმ-ის წევრი გიორგი ბოტკოველი ხელისუფლების გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს.