პოლიტიკა
ევროკავშირი საქართველოს არ უღალატებს, მიაჩნია ქართული დიპლომატიის „სახეს“ ქეთევან ციხელაშვილს

   საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. საფუძველი არ არსებობს, საქართველოს მიმართ ევროკაშირის პოზიციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდეს, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ცხინვალში ევროკავშირის დელეგაციის ვიზიტისა და ამ დელეგაციის ხელმძღვანელის, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის – ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარის ჰერბერტ ზალბერის მიერ სამხრეთ ოსეთის ახალარჩეული პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვისთვის საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარების მილოცვასთან დაკავშირებით განაცხადა, რის შესახებაც საქინფორმი უკვე იტყობინებოდა.

ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც დღეს პრაქტიკულად ქართული დიპლომატიის „სახეა“ და დიდწილად განსაზღვრავს საქართველოს საგარეო პოლიტიკას, ასევე ტელევიზიით კომენტარს უკეთებს მის უმნიშვნელოვანეს ასპექტებს, საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მხრივ კითხვის ნიშნები არ არსებობს. 

ამის თაობაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ასევე გააკეთა ძალიან ცალსახა განცხადება. ამ საკითხზე ევროკავშირთან, ბრიუსელთანაც ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. ცხადია, ეს კომუნიკაცია გაგრძელდება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

როგორც გუშინ საქინფორმი იტყობინებოდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის გამოძახებული იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს, აშშ–ის საელჩო საქართველოში კი სრულებით ემიჯნება გერმანელი მაღალჩინოსანი დიპლომატის სკანდალურ მილოცვას, რომელმაც ანატოლი ბიბილოვს მიულოცა ის ფაქტი, რომ სამაგალიოდ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ამ უკანასკნელმა „ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა დაიკავა.