საზოგადოება
ლგბტ აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - შსს–მ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები უზრუნველყო

   საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. გუშინ, 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საზოგადოების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბა. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიღო.

აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან სპეციალურად ამისათვის გამოყოფილი მიკროავტობუსებითა და პოლიციის ექსკორტით მიიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სპეცნაზი და სპეციალური საპოლიციო ტექნიკა, იღებული იქნა უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები. ალყაშემორტყმული იქნა ქალაქის ცენტრი – თავისუფლების მოედანი, რუსთაველის პროსპექტი და მიმდებარე ქუჩები, სადაც არ უშვებდნენ არც ტრანსპორტს და არც ქვეითად მოსიარულეებს, არ შეუშვეს რამდენიმე მღვდელიც კი! აქციაში ლგბტ–საზოგადოების გარდა, მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ომბუდსმენის აპარატის უფლებადამცველებმა და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სოფო შამანიდიმ მიიღეს. მათი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, სამწუხაროა, რომ მსგავსი აქციების გამართვისას შსს–სა და სხვა ძალოვან უწყებებს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღება უწევთ.

შეკრებილებმა ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე მხიარულად აღნიშნეს და ძალადობა გააპროტესტეს. აქციის დასასრულს მათ მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორია ორგანიზებულად, იმავე სპეციალური ყვითელი მიკროავტობუსებით დატოვეს, პოლიციის საპატრულო ეკიპაჟების გაძლიერებული ესკორტის დაცვის ქვეშ.