უცხოეთი
ამერიკელი კონგრესმენები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ

   საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. ამერიკელი კონგრესმენები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. ირკვევა, რომ დონალდ ტრამპი FBI-ს ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის მაიკლ ფლინის რუსულ კავშირებზე გამოძიების შეწყვეტას სთხოვდა. გაზეთ The New York Times-ის ცნობით, ჯეიმს კომისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა 14 თებერვალს გაიმართა და ფლინზე ძიების შეწყვეტაც პრეზიდენტმა სწორედ ამ შეხვედრის დროს სთხოვა. 

მომხდარზე FBI-ს დირექტორმა ჩანაწერიც გააკეთა და პრეზიდენტის თხოვნის შესახებ ბიუროს რამდენიმე მაღალჩინოსანს შეატყობინა. თეთრი სახლი კვლავ უარყოფს The New York Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ირწმუნება, რომ პრეზიდენტსა და კომის შორის მსგავსი შინაარსის საუბარი არ ყოფილა.

დემოკრატი კონგრესმენები მომხდარს გამოძიებისთვის ხელის შეშლად აფასებენ და გამოძიების დაწყების მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვეს.