საზოგადოება
საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს

   საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. საზოგადოების ნაწილმა გუშინ, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნა. თბილისის ცენტრში, 5 სხვადასხვა ადგილას დილიდან შეიკრიბნენ  სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს, კონცერტები გაიმართა.

გაიმართა მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ. პატრიარქმა  მრავალშვილიანი ოჯახები სიგელებით დააჯილდოვა.

საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე 2014 წლის 17 მაისიდან აღინიშნება, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ამ დღის აღნიშვნა სწორედ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს დაუპირისპირა.

მის უწმინდესობას არა ერთხელ უთქვამს, რომ  პიროვნების ჩამოყალიბებისთვის, მოზარდისათვის საჭიროა გარემო, რომელიც უნდა შექმნას ოჯახმა, სკოლამ და ეკლესიამ. ამ დღესთან დაკავშირებით, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ორი უძვირფასესი ხატი, ივერიის ხატად წოდებული და აწყურის ხატი დაიწყებს მსვლელობას 13:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ვარდების მოედნიდან და მსვლელობა დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საზეიმო პარაკლისი გადაიხდება,“ - განაცხადა დეკანოზმა ბიძინა გუნიამ.

ახალგაზრდების ჯგუფი ოჯახის სიწმინდის დღეს მდუმარე აქციით შეუერთდა. მათ დიდ საკონცერტო დარბაზთან პლაკატიც გაშალეს. ახალგაზრდებმა აქციაში მონაწილეობა სოციალური ქსელის მეშვეობით დაგეგმეს.