საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობამ ჩინეთის მანქანათმშენებელ კომპანიასთან Anhui Jianghuai Automobile Co (JAC Motors) ქვეყანაში ელექტრომობილების აწყობის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეს-სამსახურის განცხადებაში.
მოლაპარაკებები ჩინურ მანქანათმშენებელ კომპანიასთან საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთში თავისი ვიზიტის ფარგლებში გამართა, სადაც მონაწილეობას იღებდა ფორუმში „ერთი სარტყელი — ერთი გზა“.
„ჩვენ კომპანიის ხელმძღვანელთან ვისაუბრეთ, თუ რის გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად და შევთანხმდით, რომ კომპანია JAC დაიწყებს შესაძლებლობების კვლევას, თუ რამდენად შეიძლება საქართველოში თავდაპირველად საამწყობო ქარხნის აშენება, ხოლო შემდგომში — სრული წარმოების ამოქმედება“, — ციტირებს დავით ქუმსიშვილს სამინისტროს პრეს-სამსახური.
მინისტრის სიტყვებით, ჩინური ავტოკონცერნი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიის ბაზარზე შემოსვლით. „მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოესმინათ, თუ რას ვაპირებთ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, მათ შორის, რამდენად მნიშვნელოვანი განვითარება ექნება ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყანაში“, — განაცხადა ქუმსიშვილმა. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კომპანიის წარმომადგენლებს ასევე შესთავაზა საქართველოში რეგიონული ფილიალის გახსნა და ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების გამოყენება. JAC Motors-ი — ჩინური სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც ავტობუსებსა და ავტომობილებს უშვებს. ის 1999 წლის 30 სექტემბერს ავტოქარხანა „ძიანჰუის“(Hefei Jianghuai Automobile Factory) ბაზაზე დაარსდა, რომელიც 1964 წელს იყო გახსნილი. დღეს JAC Motors-ი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საწარმოა, რომელიც ჩინეთის მსხვილი ავტოქარხნების ხუთეულში შედის. ქარხანას შეუძლია წლის განმავლობაში 500 ათასი ავტომობილის გამოშვება.