სამართალი
საქართველოში 325 “კანონიერი ქურდი” დაითვალეს

   საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. საქართველოს შსს-ს მიერ დარეგისტრირებულია ქართული წარმომავლობის 325 “კანონიერი ქურდი”, რომელთა უდიდესი ნაწილი პოსტსაბჭოთა სივრცესა და ევროკავშირის ქვეყნებში იმყოფება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.

ხუციშვილმა საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტებს "საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება  წარუდგინა, რომელიც აპრილში გაფორმდა. კომიტეტებმა შეთანხმება მოიწონეს და ახლა დოკუმენტის რატიფიცირება პლენარულ სხდომაზე უნდა მოხდეს.

ქართული წარმოშობის 325 კანონიერი ქურდია დარეგისტრირებული, რომელთა ძალიან მცირე ნაწილი საქართველოს ციხეებში იმყოფება, დანარჩენები - პოსტსაბჭოთა სივრცესა და ევროკავშირში. როცა ერთ ქვეყანაში უკანონო შემოსავლის მიღება ხდება, მეორე ქვეყანაში კი - მის გათეთრება, ევროპოლთან შეთანხმება შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ეს სურათი სრულად დავინახოთ და ლოკალურად კონკრეტულ ქვეყნებთან არ ვიმუშაოთ, რომლებთანაც ისედაც ვთანამშრომლობთ", - ხუციშვილის ციტირებას ახდენს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მინისტრის მოადგილე დარწმუნებულია, რომ დოკუმენტი ხელს შეუწყობს ევროპელ კოლეგებთან ქართველი პოლიციელების თანამშრომლობის გაღრმავებას.

"ჩვენ ყველაზე მაღალი ხელშეკრულება გავაფორმეთ, რაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს... ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ საკმაოდ მაღალი სტანდარტი გვაქვს, რადგან ევროპასთან ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ ამერიკას, ნორვეგიას, შვეიცარიას. ანუ, მათ, ვისაც მაღალი საპოლიციო სტანდარტები აქვს”, - ხაზი გაუსვა შალვა ხუციშვილმა.

დოკუმენტი საშუალებას აძლევს საქართველოს შსს-ს, ევროკავშირის ქვეყნებს ევროპოლის მეშვეობით გაუცვალოს ინფორმაცია დანაშაულებთან და პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით. მუხლი “ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდი” საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2005 წელს გაჩნდა, მას შემდეგ, რაც 2003 წელს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის გუნდი მოვიდა. მათ ფიზიკური ომი გამოუცხადეს ორგანიზებულ დანაშაულს. “კანონიერი ქურდები” - მხოლოდ ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა. “კანონიერ ქურდებს” დანაშაულებრივი სამყაროს იერარქიაში უმაღლესი ადგილი უკავიათ და შეუძლიათ, ეს სტატუსი “მონათვლის” ცერემონიაზე მიიღონ რამდენიმე მოქმედი “კანონიერი ქურდის” რეკომენდაციით. თავიანთ ქცევაში ქურდები ტრადიციულად ეგრეთ წოდებული “ქურდული გაგებით” ხელმძღვანელობენ - კოდექსით, რომლის დარღვევა “კანონიერი ქურდის” სტატუსის ჩამორთმევით ემუქრება.