საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 12 მაის დაწყებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმებში აშშ-ის ადანაშაულებს. ამით მან მხარი დაუჭირია კომპანია Microsoft-ის პრეზიდენტის ბრედ სმიტის მოსაზრებას. ინფორმაციას ავრცელებს RT.
“რუსეთი აქ არაფერს შუაშია“, - აცხადებს პუტინი. მან ასევე დაამატა, რომ ვირუსს მასშტაბური ზიანი რუსეთის უწყებებისთვის არ მიუყენებია.
ბრედ სმიტმა თავის ბლოგზე თავისი მოსაზრება გამოაქვეყნა. "ბოლოდროინდელი კიბერშეტევები დაკავშირებულია იმ მასალების მოპარვასთან, რომელსაც ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო აგროვებდა", - წერს Microsoft-ის პრეზიდენტი. „ეს შეტევა ისეთივე მასშტაბის დარტყმაა, როგორც მაგალითად ამერიკის არმიას რაკეტები რომ მოპარონ. სახელმწიფო სტრუქტურებმა მოწყვლადი მხარეების შესახებ მონაცემები კი არ უნდა შეინახონ, არამედ გადასცენ სპეციალისტებს, რომ მათ ამ სისუსტეების აღმოფხვრა მოახერხონ და კომპიუტერული ქსელების უსაფრთხოების ზომები გაზარდონ", - განაცხადა ბრედ სმიტმა.
მსოფლიოს მასშტაბით ორგანიზაციებზე კიბერთავდასხმები 12 მაისს დაიწყო. დავირუსდა ელექტრონული სერვერები, დაიბლოკა კომპიუტერები. მუშაობის გასაგრძელებლად, ჰაკერებმა თანხა მოითხოვეს, თუმცა ევროპოლის დირექტორი ამბობს, რომ დაზარალებულთა უმრავლესობამ ჰაკერებს ფული არ გადაუხადა.