სამართალი
ლაშა თორდიამ ჩემ წინააღმდეგ ბინძური PR კამპანია ააგორა - ოთარ ფარცხალაძე

   საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარ აუდიტორ ლაშა თორდიაზე თავდასხმის საკუთარი ვერსიას განიხილავს.

მინდა, გამოვეხმაურო გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასთან მომხდარ ინციდენტს. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ კონფლიქტის ინიციატორი გახლდათ თავად ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია. მე ამ დროს ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდი შარდენზე, ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც, როგორც აღმოჩნდა, ქეიფობდა ეს უკანასკნელიც. ჩვენ სახლებისკენ რომ ვიშლებოდით, სწორედ მაშინ მოგვეჭრა მთვრალი გენერალური აუდიტორი.

როგორც ჩანს, მას გულში აქვს ჩარჩენილი ჩემი გარკვეული ქმედებები სამართალდამცავ უწყებებში ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც შესაბამის ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას. ის სიცრუეები კი, რასაც იგი ყვება ტელევიზიების საშუალებით, ჰგავს თავისი ქმედებების სხვისთვის გადაბრალების მცდელობას.

მზად ვარ, სრულად ვითანამშრომლო გამოძიებასთან, რადგან უპირველეს ყოვლისა ჩემს ინტერესებში შედის, რომ გაირკვეს სიმართლე და ის ბინძური PR კამპანია, რაც აგორდა ლაშა თორდიას მიერ ჩემს წინააღმდეგ, არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

თბილისში კარგად არის ცნობილი ლაშა თორდიას მიდრეკილება სასმელისადმი და ის ფაქტი, რომ ხშირად სიმთვრალეში იქცევა შეუფერებლად მის მიერ დაკავებული მაღალი თანადებობისათვის, ვითხოვ გამოძიებისგან, რომ შეისწავლონ ყველა მსგავსი ფაქტი, რომელიც მის მიერ შესაძლოა ჩადენილი იყოს სიმთვრალეში“, - ნათქვამია, კერძოდ, ფარცხალაძის წერილში.