აქტუალური
“ყაზტრანსგაზისა" და “ინტერ რაოს" საქმეებზე, შესაძლოა, არბიტრაჟი საჭირო არ გახდეს - კახა კალაძე

   საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა გუშინდელ ბრიფინგზე გააკეთა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ საკითხებზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი იქნებოდა და მივესალმებოდით, თუ ყაზახები დაბრუნდებოდნენ კომპანიაში და გააგრძელებდნენ ამ კომპანიის მართვას. თუმცა, მათი მხრიდან გარკვეული შეფერხებები არსებობს, მათ აქვთ თავიანთი მოსაზრებები. ვნახოთ, შეიძლება, არბიტრაჟი არც დაგვჭირდეს", - განაცხადა კალაძემ.

„ინტერ რაოს" ნიდერლანდური სტრუქტურები, რომლებიც საქართველოში აქტივებს ფლობენ, საქართველოს ხელისუფლებისგან, ლარის გაუფასურების გამო, კომპენსაციას ითხოვენ და ამ მიზნით საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. „ინტერ რაო"-ში ათეულობით მილიონობით ზარალზე ლაპარაკობენ.

კომპანია "ყაზტრანსგაზი" კი აპროტესტებს 2009 წელს "ყაზტრანსგაზ თბილისში" სპეციალური მმართველის დანიშვნას. მათ მიაჩნიათ, რომ ამით დაირღვა "ყაზტრანსგაზის", როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგან მმართველის დანიშვნის შემდეგ კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის" საქმიანობაში ყახაზური მხარე, ფაქტობრივად, ვეღარ მონაწილეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია "ყაზტრანსგაზმა", შესაძლოა, ქართულ მხარეს ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს.