პოლიტიკა
NDI: საქართველოში გამოკითხულთა 42%–ს საბჭოთა კავშირის დაშლა კატასტროფად მიაჩნია, 21% კი ნატოში საქართველოს შესვლის წინააღმდეგია

   საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. აშშ–ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო. 42% კი საბჭოთა კავშირის დაშლას საქართველოსთვის უარყოფით მოვლენად  მიიჩნევს.

კვლევის მიხედვით, ნატოში გაწევრიანებას გამოკითხულთა 68% უჭერს მხარს, 21% კი ეწინააღმდეგება. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მოწინააღმდეგეებს სამი მთავარი არგუმენტი აქვთ:  მოწინააღმდეგეთა 53%-ს მიაჩნია, რომ ნატოში გაწევრიანებას რუსეთთან კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია, 24% აცხადებს, რომ ამით საქართველო ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს, 13 % კი თვლის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არასდროს მოხდება.

საქინფორმი აღნიშნავს, რომ საქართველოში NDI-ს, IRI-სა და სხვა მსგავსი დასავლური ინსტიტუტების მიერ ფალსიფიცირებული კვლევები დიდი ხანია აღარავის სანდოობით აღარ სარგებლობს, რადგან, ჩვეულებრივ, შემდგომ ყველაფერი ზუსტად პირუკუ ხდება. საიდუმლო არ არის, რომ ამ ყალბი „პროგნოზებით“ კონკრეტული დასავლური ინსტიტუტები და ფონდები ცდილობენ წინასწარ მოახდინონ საქართველოში იმ სიტუაციის მოდელირება, რომელიც კეთილსაიმედო იქნება მათი პოლიტიკური ბიზნესის განხორციელებისა და დაცვისთვის და ქართულ პოლიტიკაში უკვე დაბანდებული ინვესტიციებიდან მოგების მიღებისათვის.

12 მაისს გამოქვეყნდა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის პირველი ნაწილი. NDI-მ საქართველოს მასშტაბით 2500 კაცი გამოკითხა. კვლევები 2017 წლის 7–8 აპრილს ჩატარდა და, როგორც ირწმუნებიან, მისი საშუალო ცდომილება +/–2,7%–ს შეადგენს.