საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ის მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილის საკითხზე. ცენტრალური ხელისუფლების შეფასებით, გიუნაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი ე.წ. განაჩენი, ისევე, როგორც წაყენებული ე.წ. ბრალდებები არის საფუძველმოკლებული, ხელოვნურად შექმნილი და სრულად პოლიტიზებული. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ აუცილებელია გიორგი გიუნაშვილის უახლოეს პერიოდში უპირობოდ გათავისუფლება.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და ღობეების აღმართვის შედეგად ადგილობრივებისთვის შექმნილ პრობლემებს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 7 ივნისს გაიმართება.