აქტუალური
საქართველოში შესაძლოა აკრძალონ უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები, რომლებიც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ

   საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. ინიციატივა “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21”-ის ხელმძღვანელს ზვიად ტომარაძეს ეკუთვნის.

“საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ” მომზადებული კანონპროექტის თანახმად, “სასამართლოს, საქართველოს მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, ასევე შეუძლია აკრძალოს ის საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც უცხოეთის სახელმწიფოდან, უცხოური სამეწარმეო ან არასამეწარმეო ორგანიზაციიდან, ან უცხოელი მოქალაქისგან მიღებული გრანტის ფარგლებში ახორციელებს გრანტის გამცემის ინტერესებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ”.

ხშირ შემთხვევაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები გამოხატავენ დამფინანსებელთა ინტერესებს, უპირისპირდებიან სახელმწიფო ინტერესებს, კონსერვატიულ საზოგადოებას, ტრადიციებს და ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტს”, – აღნიშნავს ტომარაძე.

“არსებობს ასეთი ორგანიზაცია – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, რომლის ერთ-ერთი ოფისი მდებარეობს თელავში. ამ ოფისში პირდაპირ არის გაკრული შემდეგი წარწერა: არ გათხოვდე, ქმარი მოძალადეა. ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული კატასტროფის ფონზე ეს არის თუ არა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება? მე მიმაჩნია, რომ არის”, – აცხადებს ზვიად ტომარაძე.