საზოგადოება
“ღამის მგლები”: არ გვესმის, რატომ არ ვუყვარვართ საქართველოში

   საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. ბაიკერთა კლუბ “ღამის მგლების” წარმომადგენელმა, რომელიც მაისის დღესასწაულებზე თბილისში იმყოფებოდა, საქართველოში ყოფნის შთაბეჭდილებები გაგვიზიარა. ნახეთ Sputnik Грузия-ს ვიდეოზე, რა თქვა ბელგოროდელმა ბაიკერმა ლეონიდ მურაშკინმა.

საქართველოში გამარჯვების დღის, 9 მაისის დღესასწაულზე ბაიკერთა კლუბ “ღამის მგლების” წარმომადგენლების შესაძლო ჩამოსვლამ ქართველი საზოგადოების ნაწილში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. საზოგადოებაში შექმნილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, პროვოკაციებისა და სიტუაციის გამწვავების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს შსს-ს სასაზღვრო სამსახურმა მაისის დღესასწაულების პერიოდში რუსეთიდან მომავალ ყველა ბაიკერს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრა. მაგრამ კლუბ “ღამის მგლების” ორი წარმომადგენელი საქართველოში მაინც შემოვიდა - ისინი ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს ჩამოვიდნენ და 9 მაისს თბილისში, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

“ჩვენს ხალხს ერთი რწმენა და საერთო ისტორია აქვს. ამას ვერ უარყოფ. უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, რომლებთანაც საქართველოში ხშირი ურთიერთობა გვქონდა, გვიამბეს, რომ ისინი სსრკ-ში მსახურობდნენ, რუსეთში სწავლობდნენ, განათლება მიიღეს, მუშაობდნენ და ბევრი რამ უნახავთ. არცერთ მათგანს ცუდი არაფერი უთქვამს. არ ვიცი, საიდან გაჩნდა საქართველოში ასეთი ნეგატიური აზრი ჩვენზე, რუსებზე. მერწმუნეთ, არც მაღაროელი, არც სტომატოლოგი, არც ბაიკერი რუსეთიდან აქ არ ჩამოვა, რომ რამე გააფუჭოს. მოგვარებაზე კი ყოველთვის თანახმა ვართ, გახსნილები ვართ. ჩვენთან ჩამობრძანდით, თქვენი ნახვა ყოველთვის გაგვიხარდება”, - თქვა ლეონიდ მურაშკინმა.

ბაიკერთა კლუბ “ღამის მგლების” წარმომადგენლებს ვაკის პარკში რამდენიმე ადამიანი ახლდა. უცნობი ჯარისკაცის საფლავის ყვავილებით შემკობის ცერემონიის დროსაც და თავად პარკშიც პოლიციის თანამშრომლები თვალს ადევნებდნენ, რომ იქ ბაიკერების ყოფნას ინციდენტების გარეშე ჩაევლო.