პოლიტიკა
ტრამპმა ლავროვთან რუსეთის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა

   საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. 10 მაისს ვაშინგტონში რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტი შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის თემას შეეხო.

როგორც “როიტერი” იუწყება, დონალდ ტრამპი აშშ-სა და რფ-ს შორის დიალოგის ნორმალიზაციის საკითხისადმი დადებითად არის განწყობილი. სააგენტოს მონაცემებით, ამერიკის პრეზიდენტმა ლავროვთან საუბრისას მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი გამოთქვა.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მოლაპარაკების შემდეგ ტრამპმა დაუგეგმავი შეხვედრა გამართა ყოფილ სახელმწიფო მდივანთან ჰენრი კისინჯერთან, რომელზეც რუსეთის მხარესთან ურთიერთობა და სირიის სიტუაცია განიხილეს.

“რაც ხდება, ძალიან, ძალიან პოზიტიურია”, - დაასკვნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა მკაფიოდ დაადასტურა თავისი დაინტერესება მოსკოვთან საქმიანი, პრაგმატული, ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობის დამყარებით.