საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. უკრაინელი მფრინავი ქალი და პოლიტიკოსი ნადეჟდა სავჩენკო ZiK-ის ეთერში ამერიკის დაშანტაჟებისა და რუსეთთან გაერთიანების ინიციატივით გამოვიდა.
როგორც სავჩენკო აცხადებს, შეერთებული შტატები უკრაინასთან და მის მოსახლეობასთან მიმართებით არასწორად იქცევა და თუ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს კიევის კადნიერად მოხსენიებას, უკრაინის მთავრობამ უნდა დაიწყოს თეთრი სახლის შანტაჟი. ამ მანიპულაციების შემდეგ, უკრაინა დადგება რუსეთის მხარეს და დაიწყებს ერთობლივ ბრძოლას ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ.
სავჩენკო ამერიკის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მისი ქვეყნის გადასახადის გადამხდელებს არ ინტერესებთ, თუ რა ხდება უკრაინაში.
"თუ თქვენ არ გაინტერესებთ, რა ხდება უკრაინაში, მაშინ ჩვენ გავაძლიერებთ რუსეთს და ის გახდება უფრო ძლიერი მტერი თქვენს წინააღმდეგ. ეს არის ერთ-ერთი ელემენტი პოლიტიკური შანტაჟისა. ეს ვაჭრობაა - არ გინდათ ჩვენი მხარდაჭერა? მაშინ ჩვენ ხელს შევუწყობთ თქვენს მტერს", - აცხადებს სავჩენკო.