საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა გოგოჭური ამხილეს.
2016 წლის ნოემბერში, აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის დროს, შალვა გოგოჭურმა არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, კერძოდ, მასზე განპიროვნებული სამსახურებრივი ბეჭედი და თაბახის ფურცლებზე შესრულებული ხელმოწერები გადასცა მის თანაშემწეს - მერი მთიულიშვილს, რომელმაც 700 ლარის სანაცვლოდ დაამზადა სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმომავლობის სამი ყალბი ცნობა და გადასცა მოქალაქეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. 2016 წლის ნოემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მერი მთიულიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.