პოლიტიკა
პრემიერ კვირიკაშვილის შეხვედრები აშშ-ის სენატორებთან ბობ კორკერთან და ტომ კოტონთან

   საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ბობ კორკერმა კომიტეტის სახელით დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის დახმარებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.

აშშ-ის სენატის სამხედრო კომიტეტის წევრთან, სენატორ ტომ კოტონთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. ხაზი გაესვა საქართველოს უსაფრთხოების მნიშვნელობას მთლიანად რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.

სენატორმა ტომ კოტონმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ სამშვიდობო მისიებში შეტანილ წვლილზე.