პოლიტიკა
რექს ტილერსონმა და გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ,,აშშ-სა და საქართველოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ”

   საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან შეხვედრაზე, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა, საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, რეგიონში მიმდინარე პროცესებს, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და მათ დასაძლევად საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას.
რექს ტილერსონის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებს. სახელმწიფო მდივნის თქმით, საქართველო არის წარმატების სიმბოლო რეგიონში, ხოლო ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები კარგი საფუძველია ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების ახალ საფეხურზე გადასასვლელად.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
აღინიშნა ამერიკული ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას და გამოითქვა იმედი, რომ საქართველო გამოიყენებს საკუთარ პოტენციალს, რაც მას რეგიონულ ცენტრად აქცევს.
ხელი მოეწერა შეთანხმებას ,,აშშ-სა და საქართველოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ”. შეთანხმება იძლევა საფუძველს, გაძლიერდეს უსაფრთხოების დარგში ურთიერთობა და ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის.