საზოგადოება
საჭიროა არა ინფორმაციული თავდასხმების დუნედ მოგერიება და ყრუ თავდაცვაში წასვლა, არამედ გაბედულ ინფორმაციულ შეტევაზე გადასვლა! - ალექსანდრე ჭაჭია

   საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. “საბჭოთა კავშირისთვის სახელის გატეხის, ფაშიზმზე გამარჯვებაში მისი როლის დაკნინების, წითელი არმიის დისკრედიტაციის, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის ლაფში ამოსვრის მცდელობები ომის დამთავრებისთანავე დაიწყო, მაგრამ მათ დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობაშიც კი დიდი წარმატება არ ჰქონია. ამ ბინძურ საქმეში თვისობრივი გარდატეხა მაშინ მოხდა, როდესაც სსრკ-ის შიგნით, საბჭოთა საზოგადოებაში ჩამოყალიბდა ადამიანების ფენა, რომლებსაც სძულდათ, ეზიზღებოდათ ყველაფერი საბჭოთა, არაფრად აგდებდნენ საკუთარი ხალხის დიად მონაპოვრებს, დიადი გამარჯვების ჩათვლით.

სწორედ ეს ადამიანები, როდესაც სსრკ-ში, შემდეგ კი საკავშირო რესპუბლიკებში ხელისუფლებაში მოვიდნენ, თავიანთ დასავლელ მფარველებთან მჭიდრო კავშირში ცდილობდნენ, მთელი მსოფლიო ბოროტება საბჭოთა კავშირისთვის გადაებრალებინათ. ჩვენ მოგვიწოდებდნენ, არა მარტო უარი გვეთქვა გმირულ წარსულზე, არამედ “მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე მოგვენანიებინა” მამა-პაპათა ქმედებების გამო, რომლებიც “არასწორად ცხოვრობდნენ, არასწორად სწამდათ, აშენებდნენ, იბრძოდნენ, მერე კი კვლავ აშენებდნენ - და ასევე არასწორად”. ეს იეზუიტურად დახვეწილი მუშაობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ხრწნიდა და ანადგურებდა, მიმდინარეობდა ლოზუნგით “ჩვენ სიმართლის ცოდნა გვსურს!”. ამ ლოზუნგით ისტორიის საბჭოთა პერიოდზე სიცრუის, ცილისწამების, ინსინუაციების ისეთი მთები დაახვავეს, გეგონებოდათ, ამ ჭუჭყიდან თავს ვერასოდეს დავაღწევდით!

მაგრამ ცილისმწამებლებს მეტისმეტი მოუვიდათ - 20-იანი, 30-იანი წლების დამახინჯების შემდეგ ეს სვავები დიდ სამამულო ომს ეძგერნენ. და აქ უკვე ყოველმა წესიერმა ადამიანმა ჩვენს ქვეყნებში თავი პირადად შეურაცხყოფილად იგრძნო. ბინძური საინფორმაციო კამპანია ჩაიხშო! ჩვენი მამებისა და პაპების მისამართით ცრუ ბრალდებები, რომლებითაც ჯერ კიდევ გამოდიან ტელეეკრანებზე ლიბერალური პოლიტიკოსები, ფსევდოისტორიკოსები, ნაყიდი ჟურნალისტები, ეგრეთ წოდებული შემოქმედებითი ინტელიგენციის გონებაშეზღუდული წარმომადგენლები, “ჰაერში ეკიდება” - საზოგადოება მათ მიღებაზე უარს ამბობს! თავის დადებით როლს თამაშობს თვითგადარჩენის ინსტინქტიც - ადამიანებს ესმით, რომ საკუთარი წარსულის ლაფში ამოსვრით, მამა-პაპათა ნათელ ხსოვნაზე უარის თქმით ისტორიის ბუნებრივ სვლას არღვევენ, დროებსა და თაობებს შორის ცოცხალ კავშირს წყვეტენ. თაობების მემკვიდრეობითობაზე უარის თქმა კი ერის დაღუპვას ნიშნავს.

მაგრამ საჭიროა არა ინფორმაციული თავდასხმების დუნედ მოგერიება და ყრუ თავდაცვაში წასვლა, არამედ გაბედულ ინფორმაციულ შეტევაზე გადასვლა! საიდუმლო არ გახლავთ, რომ მსოფლიო საინფორმაციო ველზე ჩვენს საერთო ისტორიასთან ინფორმაციული ომის, აგრეთვე ჩვენი ქვეყნების შიგნით სიმართლის მაძიებელთა დამანგრეველი საქმიანობის უკან შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი დგანან. კარგი იქნებოდა, ხმამაღლა შეგვეხსენებინა მათთვის და მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის, რომ სწორედ აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ყველანაირად უწყობდნენ ხელს ჰიტლერს ნაცისტური სამხედრო მანქანის შექმნაში, უხვად აფინანსებდნენ ჰიტლერს, აქტიურად ეხმარებოდნენ გერმანული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შექმნას, რათა გერმანია საბჭოთა კავშირზე მიეშვათ, სადაც სისხლიან სასაკლაოზე ორივე სისხლისგან დაიცლებოდა, შემდეგ კი ყველა დაემორჩილებინათ, ყველა რესურსს თვითონ დაუფლებოდნენ!

მკვლელმა ტრუმენმა, რომელმაც ატომური ბომბის ეფექტიანობის შესამოწმებლად 1945 წელს 250 ათასი მშვიდობიანი იაპონელი ცოცხლად დაწვა, ომის დასაწყისში ძალზე ზუსტად გამოხატა ამერიკელთა განზრახვები: “თუ გამარჯვების სასწორი გერმანელებისკენ გადაიხრება - საბჭოეთს უნდა დავეხმაროთ, თუ რუსებისკენ - გერმანელებს, და დაე, მათ ერთმანეთი რაც შეიძლება მეტი დახოცონ!”.

(ფრაგმენტი ალექსანდრე ჭაჭიას გამოსვლიდან მინსკში, გამარჯვებულთა საერთაშორისო ფორუმზე “ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება” 2016 წლის 28 აპრილს).