საზოგადოება
კვინიტაძეც კრემლის “რბილი ძალის” წარმომადგენელი იყო?! - არჩილ ჭყოიძე

   საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. “ფოტოზე გამოსახულია ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი გენერალი - გიორგი კვინიტაძე თავის მეუღლესთან ერთად, რომლის მუნდირსაც ამშვენებს გეორგიევსკის ლენტიანი ჯილდო. საერთოდ, გეორგიევსკის ლენტიანი ჯილდო აქვს მიღებული 1000-ზე მეტ ქართველს, აჭარის ოსმალეთის იმპერიისგან განთავისუფლებაში შეტანილი წვლილისთვის. გეორგიევსკის ლენტს არანაირი საერთო არ აქვს არც მეორე მსოფლიო ომთან და, რა თქმა უნდა, არც პუტინთან. ასეთი შეკითხვა მაქვს საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც გეორგიევსკის ლენტებს ებრძვის: პუტინმა ჩოხა-ახალუხი რომ ჩააცვას 9 მაისს წითელ მოედანზე თავის ჯარისკაცებს, რა უნდა ვქნათ, ჩოხების დაწვა უნდა დავიწყოთ?
P.S.
კვინიტაძეც კრემლის პროპაგანდას ხომ არ ავრცელებდა საქართველოში ან მისი რბილი ძალის წარმომადგენელი ხომ არ იყო?”, - წერს თავის ფეისბუქ-გვერდზე ერეკლე მეორის საზოგადოების დამფუძნებელი არჩილ ჭყოიძე.

საქინფორმი ხაზს უსვამს, რომ გუშინ, 9 მაისს, თბილისში, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან არ იყო არცერთი გეორგიევსკის ბაბთა – ისინი უბრალოდ არ დაურიგებიათ, მით უმეტეს, არ იყო „უკვდავი პოლკი“, როგორც მსოფლიოს სხვა მრავალ ქალაქში.

სამაგიეროდ, დიადი გამარჯვების დღესასწაულს დაესწრნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ დროა „სამართლიანობის სახელით“ აღინიშნოს ეს დღე არა 9, არამედ 8 მაისს, „როგორც მთელ ცივილიზებულ სამყაროში“, რათა პატივი მივაგოთ იმ 400 ათასი მეომრის ხსოვნას საქართველოდან, რომლებიც „იმ სასაკლაოზე ბოლშევიკების გამოისობით დაეცნენ“.